ნასამ ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ცეცხლის ალში გახვეული დედამიწა ჩანს
ნასამ სატელიტიდან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც წითლად ის ადგილებია მონიშნული, სადაც ამჟამად ცეცხლი მძვინვარებს.
წელს ტყის ხანძრების გამო მსოფლიოში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ტერიტორია დაიწვა. სურათზე ვხედავთ, რომ ცეცხლის კერები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული. განსაკუთრებით შესამჩნევი კი აფრიკაა, რომლის სამხრეთ ნაწილიც თითქმის მთლიანად ცეცხლის ალშია გახვეული.
თუმცა ხანძრების გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია. მაგალითად აფრიკის კონტინენტზე მონიშნული ხანძრების უმეტესობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა. ცეცხლს ფერმერები ხშირად სახნავ-სათესი მიწების გასანაყოფიერებლად იყენებენ.
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებზე მონიშნული ცეცხლის კერები კი ძირითადად ტყის ხანძრებია, რომელიც გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს.
ტყის ხანძრების გაჩენასა და გავრცელებაში დიდი წვლილი კლიმატის ცვლილებას მიუძღვის. ბოლო დროს გახშირებული განსაკუთრებით ცხელი და მშრალი პერიოდები ხანძრის გაჩენის იდეალური წინაპირობაა.
დედამიწაზე ამ წუთებში მიმდინარე ხანძრებს თვალი შეგიძლიათ ნასას ინტერქტიული რუკის მეშვეობით ადევნოთ, რომელიც ყოველ სამ საათში ერთხელ ახლდება.
კომენტარები