ამერიკის შეერთებულ შტატებში 2016 წელს ჩატარებულ არჩევნებში ჩარევის შემდეგ რუს ტროლებს ამჯერად ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელება ედებათ ბრალად, რასაც შესაძლოა სავალალო შედეგი მოჰყვეს.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ რუსმა ტროლებმა არჩევნებში ჩარევის შემდეგ ინტერნეტში ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდის გავრცელება დაიწყეს.

ისინი ვაქცინაციის საწინააღმდეგო მესიჯებს სატყუარად იყენებენ, რათა ხალხი შეცდომაში შეიყვანონ და სხვადასხვა ვირუსულ საიტებზე გადაამისამართონ.

"ირონიულია, რომ კამპანია, რომელიც ბიოლოგიური ვირუსების გავრცელებას უწყობს ხელს, კომპიუტერულ ვირუსებსაც ავრცელებს," - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ჯორჯ ვაშინგტონის, მერილენდის და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების მკვლევარები აცხადებენ, რომ ახლად აღმოჩენილი ტვიტერის ანგარიშები იმავე ადამიანებს ეკუთვნით, რომლებიც 2016 წლის არჩევნებზე ცდილობდნენ გავლენის მოხდენას.

აღმოჩენილი ტვიტერის ანგარიშები ვაქცინაციის შესახებ ერთმანეთის გამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებს, რათა საზოგადოებაში კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს.

"ტროლები ვაქცინაციის საწინააღმდეგო პროპაგანდით ცდილობენ ამერიკული საზოგადოება ორად გახლიჩონ და ერთმანეთს დააპირისპირონ. საბოლოო ჯამში კი იმას ვიღებთ, რომ ისინი საზოგადოებას ვაქცინაციის მიმართ ნდობას უკარგავენ, რაც საბოლოო ჯამში ყველა ჩვენგანს უქმნის საფრთხეს. ვირუსები ქვეყნის საზღვრებს არ აღიარებენ," - ამბობს კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

ტროლებმა 2015 წელს დისნეილენდში წითელას ვირუსის აფეთქება, რომლის დროსაც 125 ადამიანი დაინფიცირდა პროპაგანდისა და ცრუ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეს.

აღმოჩნდა, რომ ტვიტერის იმ ანგარიშების უკან, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ არა მხოლოდ ფაქტების არმცოდნე და ფსევდომეცნიერების გამავრცელებელი ადამიანები, არამედ რუსი ტროლებიც დგანან, რომლებიც ამისთვის ხელფასს რუსეთის მთავრობისგან იღებენ.