ანტარქტიდაზე არის ვულკანი, რომლიდანაც სუფთა ოქროს კრისტალები იფრქვევა
ფოტო: Getty Images
ანტარქტიდაზე მდებარე ვულკანი ერებუსი დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე ასეთი აქტიური ობიექტია. ასევე, ის ერთადერთია, რომელიც ატმოსფეროში კრისტალური ოქროს მიკროსკოპულ ნაწილაკებს აფრქვევს.
ერებუსი როსის კუნძულზე მდებარეობს, გეოგრაფიული სამხრეთ პოლუსიდან დაახლოებით 1350 კილომეტრის მოშორებით. მასში მუდმივი ლავის ტბაა, ზედაპირზე კი უწყვეტად ამოდის აირები, რომლებშიც მეცნიერებმა სუფთა ოქროს კრისტალები აღმოაჩინეს.
1991 წელს გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ერებუსი ყოველდღიურად დაახლოებით 80 გრამ ოქროს მტვერს გამოყოფს. ეს მიკროსკოპული ნაწილაკები ვულკანიდან 1000 კილომეტრამდე მანძილზე (ან უფრო შორსაც) ვრცელდება.
ვულკანურ მატერიაში ოქროს კვალი იშვიათი არაა. მაგალითად, მისი მცირე რაოდენობა ჰავაის კილაუეას, იტალიის ეტნას, ალასკის ავგუსტინისა და მექსიკის ელ-ჩიჩონის ვულკანებშიც გამოავლინეს. თეორიული მოდელების მიხედვით, ოქრო ცხელ ვულკანურ სითხეებსა და აირებს გადააქვს.
საინტერესოა ისიც, რომ სუფთა ოქრო არ ორთქლდება, რადგან მისი დუღილის ტემპერატურა ვულკანის სიცხის ნიშნულს მნიშვნელოვნად აღემატება. ამის ნაცვლად, ის, სავარაუდოდ, ქლორის ან გოგირდის შემცველ აქროლად ნაერთებს უკავშირდება და მაგმას სწორედ მათი მეშვეობით გამოეყოფა.
ზემოხსენებული კვლევისას მეცნიერებმა ვულკანის კრატერის გარშემო არსებული თოვლიდან, ლავის ტბიდან ამომავალი აირების ნაკადიდან და ანტარქტიდის თავზე არსებული ტროპოსფეროდან ნიმუშები შეაგროვეს. სამივე შემთხვევაში მათ მიკრომეტრის ზომის სუფთა ოქროს ნაწილაკები აღმოაჩინეს. ელექტრონული მიკროსკოპით დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ისინი თითქმის იდეალური გეომეტრიული ფორმის მრავალწახნაგა კრისტალები იყო. ზოგიერთი მათგანის ზომა 60 მიკრომეტრს აღწევდა.
ერებუსის მიერ გამოყოფილი ოქროს რაოდენობა სხვა ვულკანებთან შედარებით მცირეა. ამის მიუხედავად, კრისტალური ნაწილაკების წარმოქმნის უნარი ჯერჯერობით მხოლოდ მასშია დაფიქსირებული.
ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, აქროლადი ნაერთების მეშვეობით გამოყოფილი ოქრო აირების გაგრილებისას მათგანაც ცალკევდება. შემდეგ ის კრისტალიზაციას განიცდის და, საბოლოოდ, ანტარქტიდის ყინულზე ილექება. ამ მოდელის ერთი პრობლემა ისაა, რომ ვულკანურ აირებში ოქროს კონცენტრაცია დაბალია, ასეთ პირობებში კი ჰაერში იდეალური კრისტალების სპონტანურად წარმოქმნა ძალიან რთულია.
არსებობს სხვა ჰიპოთეზაც. მისი მიხედვით, ოქროს კრისტალები ჯერ ლავის ტბის ზედაპირზე ნელ-ნელა ფორმირდება, შემდეგ კი ამომავალ აირებს ისინი ატმოსფეროში გადააქვს. აღმოჩენიდან 30 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ზუსტი პასუხი მეცნიერებს დღემდე არ აქვთ.
ჯერ კიდევ უცნობია, რატომ ახასიათებს მხოლოდ ერებუსს ოქროს ასეთი კრისტალების წარმოქმნა. შესაძლოა, ამის მიზეზი მისი უნიკალური ქიმიური შედგენილობა, ტემპერატურა, გეოლოგიური პირობები ან რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა იყოს.

კომენტარები