Artemis-ის მისია დაიწყო, ადამიანები მთვარისკენ ბრუნდებიან. ამის საპირისპიროდ, კვლავ აქტუალურია კონსპირაციის თეორიები, რომლების მიხედვითაც, მთვარეზე ჯერ არ ვყოფილვართ. ანუ, ყველაფერი ეს დადგმული იყო.

ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის! ადამიანმა მთვარეზე ფეხი ნამდვილად დადგა და არაერთხელ!

ამ კონკრეტულ სტატიაში ერთ არგუმენტს მოგიყვანთ, რის მიხედვითაც, აშკარაა, რომ ადამიანი მთვარეზე იმყოფებოდა.

Apollo-ს მისიებმა მთვარიდან მთლიანობაში 380 კილოგრამი (ნიმუში) ჩამოიტანა. ნებისმიერ ავტორიტეტულ გეოლოგს, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობა და ლაბორატორია გააჩნია, შეუძლია მოითხოვოს ნიმუში და ბევრი ამას აკეთებს კიდევაც.

ფოტო: NASA

ეს რას ნიშნავს? ესე იგი, თუ მისია არ შემდგარა და მთვარიდან ნიმუშები არ ჩამოუტანიათ, ყოველი ავტორიტეტული თუ ცნობილი გეოლოგი ასევე შეთქმულია. მათ ყველაფერი იციან!

და მაინც, იქნებ მასალა გააყალბეს? გეოლოგებსაც ატყუებენ? კვლევები აჩვენებს, რომ მთვარიდან ჩამოტანილი ქანები წარმოქმნილია უჰაერო და მეტწილად უწყლო გარემოში, განსხვავებით დედამიწის პირობებისგან. მეტიც, მასალას ეტყობა, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში მზის ქარის უშუალო ზემოქმედების ქვეშ იყო — ასეთი აქტივობა კი პლანეტის ატმოსფეროს გამო დედამიწაზე არ გვხვდება (საბედნიეროდ).

თუ ათასობით გეოლოგი (მთელი მსოფლიოდან) არ არის შეთქმული, ისინი ამ "კონსპირაციას" აუცილებლად ამხელდნენ. მეტიც, მასალის გაყალბება ისე რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი ყოფილიყო იმ დროინდელი ტექნოლოგიისთვის ფიზიკურად შეუძლებელი გახლდათ.

ფოტო: NASA

შეგახსენებთ, ეს მხოლოდ ერთი არგუმენტია, რაც ცალსახად მეტყველებს, რომ ეს ყველაფერი კონსპირაცია ვერ იქნებოდა. Artemis 2-ის მისიის ფარგლებში, ყოველდღე ერთ ასეთ არგუმენტს შემოგთავაზებთ და ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მავნე კონსპირაციული თეორიების გაქარწყლებაში.

ყველა სხვა არგუმენტის ერთად ნახვა ამ სტატიაში შეგიძლიათ: საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — კონსპირაციის უარყოფა

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.