ჰიუსტონში ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა
ადგილობრივებისა და ოფიციალური პირების ინფორმაციით, შაბათს ღამით ჰიუსტონის გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ სახლს, სავარაუდოდ, მეტეორიტი დაეცა.
ადგილობრივ გამოცემა KHOU11-თან საუბრისას შერი ჯეიმსი, სპრინგის დასახლებაში მცხოვრები, იხსენებს, რომ მისი შვილიშვილი ამბის შესამოწმებლად გავიდა და ჭერში ხვრელი შენიშნა. შერი ჯეიმსმა შემდეგ ქვა დაინახა და მეტეორიტს მიამსგავსა.
მომხდარის შესახებ მან ადგილობრივ სახანძრო სამსახურს შეატყობინა. როგორც იხსენებს, "თავიდან იფიქრეს, იქნებ თვითმფრინავიდან ჩამოვარდა რამეო". ამის მიუხედავად, მოგვიანებით ქალს აცნობეს, რომ ჰიუსტონის ჩრდილოეთით მეტეორის დაფიქსირებაზე შეიტყვეს. იგი ჰაერში ნაწილებად დაშლილა.
შაბათს NASA-მ მეტეორის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და პლატფორმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა:
"ტეხასში თვითმხილველებმა დღეს კაშკაშა ცეცხლოვანი ბურთი შენიშნეს [ადგილობრივი დროით 16:40 საათზე]... არსებული მონაცემებით, მეტეორი ჰიუსტონის ჩრდილო-დასავლეთით, სტეიჯქოუჩის თავზე, დაახლოებით 79 კილომეტრ სიმაღლეზე, გამოჩნდა. ის სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 56 000 კმ./სთ. სიჩქარით გადაადგილდებოდა და ბამელის თავზე, 47 კილომეტრ სიმაღლეზე, დაიშალა".
NASA-მ განაცხადა ისიც, რომ მეტეორი დაახლოებით ერთ ტონას იწონიდა, მისი დიამეტრი კი დაახლოებით 90 სანტიმეტრი იყო. მისმა დაშლამ წნევის ტალღა წარმოქმნა და სწორედ ამან წარმოქმნა გუგუნის ხმა, რომელიც ამ არეალში გაიგონეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ცეცხლოვანი ბურთის გამოჩენისას ჭექა-ქუხილის მსგავსი ხმები გაიგონეს. ბრიჯლენდში მცხოვრებმა ვენდი ჰეპნერმა KHOU11-ს განუცხადა, რომ მოვლენა "ჭექა-ქუხილს ჰგავდა, თუმცა ცა სრულიად მოწმენდილი იყო". დიკინსონში მცხოვრებ შაილი ტროკილს ცაზე პატარა ცეცხლოვანი ბურთი დაუნახავს, რომელიც მალევე გაქრა.
შაბათს ჰიუსტონში მომხდარმა ამბავმა ბევრს 2025 წლის აგვისტოს შემთხვევა გაახსენა, როდესაც ჩერი პომიდვრის ზომის ცეცხლოვანმა ბურთმა ატლანტაში ერთ-ერთი სახლი გახვრიტა. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ეს 4,56 მილიარდი წლის წინ წარმოქმნილი მეტეორიტის ნამსხვრევი იყო.

კომენტარები