რატომ ვერ ვაფიქსირებთ არამიწიერ ცივილიზაციებს — შესაძლოა, ამაში დამნაშავე ხელოვნური ინტელექტი იყოს
როგორი შეიძლება იყოს არამიწიერი ცივილიზაციების ხელოვნური ინტელექტი?!
ფოტო: Zhuoxiao Wang/Getty Images.
არსებობენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები? ამაზე ზუსტი პასუხი არ გვაქვს, მაგრამ ვარსკვლავთა უმეტესობას პლანეტები აქვს. ამ მომენტისთვის 6 000-ზე მეტი ეგზოპლანეტა აღმოვაჩინეთ. სტატისტიკა მიუთითებს, რომ სამყაროში სიცოცხლისთვის ხელსაყრელი უამრავი პლანეტა არსებობს.
და მაინც, აქამდე ვერაფერი ვიპოვეთ. ჩნდება კითხვა — რატომ?
არსებობს რამდენიმე ვერსია: სიცოცხლე სხვაგან ვერ აღმოცენდა, ცივილიზაციები საკუთარ თავს ანადგურებენ, არსებობს ცივილიზაციების ლიმიტი, ან ჩვენ ერთადერთი ცივილიზაცია ვართ.
ჯერჯერობით არცერთი ეს მოსაზრება არ დასტურდება. შეიძლება საჭირო იყოს კიდევ ერთი მოსაზრება — იქნებ მიზეზი იმისა, რომ არამიწიერი ცივილიზაციების კვალს ვერ მივაკვლიეთ, ხელოვნური ინტელექტია?
გრაფა, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ამცირებს ტექნოლოგიური განვითარების დაჩქარებული ტემპი ცივილიზაციის აღმოჩენის შესაძლებლობის ფანჯარას.
ფოტო: Michael A. Garrett.
ეს იდეა ახალი კვლევიდან გაჩნდა, რომელშიც კარლ სეიგანის ზოგიერთი მოსაზრება ხელახლა გამოიკვლიეს. 1970-იან წლებში სეიგანი არამიწიერი ცივილიზაციის ძიების გამოწვევებს განიხილავდა და ერთ-ერთ ასეთ პრობლემას მან "კომუნიკაციის ჰორიზონტი" უწოდა.
ამ გამოწვევის თანახმად, განვითარებასთან ერთად, არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილი ხდება, რომ ადამიანებისთვის მისი დაფიქსირება შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დედამიწიდან 100 სინათლის წლით დაშორებული ცივილიზაციის რადიოსიგნალების დაჭერა, მაგრამ თუ ისინი ნეიტრინო კომუნიკაციას იყენებენ, მაშინ ფაქტობრივად უხილავი იქნებოდნენ.
შესაბამისად, თუ არსებობს "ახალი ფიზიკა", რომელიც მათ სინათლეზე სწრაფად კომუნიკაციის საშუალებას აძლევს, ჩვენი ძიება განწირულია.
სეიგანის აზრით, ადამიანის ცივილიზაციას დაახლოებით ათასი წელი დასჭირდებოდა, რათა მსგავსი შესაძლებლობები გასჩენოდა. მეორე მხრივ, სეიგანის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით.
დღეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში შევდივართ. ის ჩვენი ცხოვრების ნაწილია და შესაძლოა, ამან საბოლოოდ ე.წ. ხელოვნურ სუპერინტელექტამდე მიგვიყვანოს.
თუ ხელოვნური სუპერინტელექტი მომდევნო ათწლეულში გამოჩნდა, დიდი ალბათობით ის დედამიწაზე დომინანტად მოგვევლინება. შესაბამისად, ის განვითარებას განაგრძობს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.
ახალი კვლევის თანახმად, თუ ასეთ ფაქტორს გავითვალისწინებთ და დავუშვებთ, რომ არაბიოლოგიური ინტელექტი კოსმოსში ფართოდაა გავრცელებული, მაშინ დაკვირვებადი ჰორიზონტი მნიშვნელოვნად მცირდება.
რას ნიშნავს ეს? შესაძლოა, ცივილიზაციები ხელოვნურ ინტელექტზე (არაბიოლოგიურ სიცოცხლეზე) ძალიან სწრაფად გადადიან. შესაბამისად, შეიძლება ისინი კომუნიკაციისთვის ჩვენგან სრულიად განსხვავებულ მეთოდებს იყენებდნენ.
ამიტომ, შეკითხვაზე, რატომ ვერ ვაგნებთ არამიწიერი ცივილიზაციების კვალს, პასუხი შეიძლება არამიწიერ ხელოვნურ ინტელექტამდე მიდიოდეს.
კომენტარები