ანტარქტიდიდან 40 წლის წინ მოწყვეტილმა აისბერგმა დნობა დაიწყო — მისი ფართობი 1770 კვადრატული კილომეტრია
ფოტო: Theresa Gossman
ანტარქტიდიდან 40 წლის წინ მოწყვეტილი აისბერგი თბილ წყლებში დაშლას იწყებს. შესაძლოა, სულ რამდენიმე კვირაში დადნეს და საერთოდ გაქრეს.
"მეგაბერგის" სახელია A23a. ის ტრილიონ ტონაზე ცოტა ნაკლებს იწონის და ფართობით დიდ ლონდონს ორჯერ აღემატება. მისი არსებობა გარკვეული დროის განმავლობაში პინგვინების საარსებო გარემოს საფრთხეს უქმნიდა. შემდეგ მან სხვაგან გადაინაცვლა.
ახლა აისბერგი თავისი საწყისი ზომის ნახევარზე ნაკლებია, თუმცა მაინც ძალიან დიდია. მისი ფართობი 1770 კვადრატული კილომეტრია, სიგანე კი 60.
ბოლო კვირებში აისბერგს უზარმაზარი ნატეხები, დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრის ზომის, მოწყდა. სამწუხაროდ, მისი მცირე ნაწილებიც კი ბევრი ხომალდისთვის სერიოზული საფრთხეა.
ფოტო: CNN
"აისბერგი დრამატულად იშლება", — განაცხადა ბრიტანეთის ანტარქტიდის კვლევის ცენტრის ოკეანეთმცოდნემ, ენდრიუ მეიერსმა — "ძალიან სწრაფად, ქვემოდან დნება. წყალი თბილია და აისბერგს ასეთ პირობებში ფორმის შენარჩუნება არ შეუძლია. ეს პროცესი მომდევნო კვირებშიც გაგრძელდება. აისბერგი კი მალე გაქრება".
A23a ანტარქტიდის შელფს 1986 წელს მოწყდა და ვედელის ზღვაში გავიდა. 30 წელზე მეტხანს ზუსტად მის ფსკერზე იყო გაჩერებული. 2020 წელს აისბერგი გათავისუფლდა და სამხრეთ ატლანტის ოკეანისკენ დაიძრა. 2025 წლის მარტში სამხრეთ ჯორჯიის კუნძულთან გაჩერდა, რამაც პინგვინების საარსებო გარემო საფრთხის ქვეშ დააყენა. მაისის ბოლოს კი მან გზა გააგრძელა.
ფრანს-პრესის (AFP) მიხედვით, ბოლო კვირებში აისბერგი დღეში 20 კილომეტრსაც კი გადიოდა.
"ბევრი აისბერგი ამდენს ვერ აღწევს. ის ძალიან დიდია, ამიტომ გაძლო უფრო დიდხანს და ამხელა მანძილი გაიარა", — აღნიშნა მეიერსმა.
მეცნიერები ამბობენ, რომ როგორც კი აისბერგი ანტარქტიდის ყინულოვან ზონას გაცდება, "განწირულია". მათი დნობა, რა თქმა უნდა, ბუნებრივი პროცესია. მიუხედავად ამისა, ანტარქტიდიდან ყინულოვანი მასების ასე ხშირად მოწყვეტა ადამიანების მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებების ბრალია.
კომენტარები