მოუსმინეთ: მეცნიერებმა მაგნიტური ველის "შერყევის" ხმა აღადგინეს
მკვლევრებმა დედამიწის 41 000 წლის წინანდელი "ხმაური" აღადგინეს.
დაახლოებით 41 ათასი წლის წინ დედამიწის მაგნიტური ველი თავის ღერძზე გადაიხარა. ჩვენი პლანეტისთვის მაშინ ეს კატაკლიზმური აღმოჩნდა, ახლახან კი მეცნიერებმა იმ მომენტში წარმოქმნილი ხმა აღადგინეს.
აღნიშნულ მოვლენას ლაშამპის მოვლენა ეწოდება. მისი პირველი მტკიცებულება 1960-იან წლებში აღმოაჩინეს საფრანგეთში. დაადგინეს, რომ პლანეტის მაგნიტური ველი მაშინ ჩვეულებრივთან შედარებით 5%-ით შესუსტდა (ნორმალურ მდგომარეობას იგი 1300 წლის შემდეგ დაუბრუნდა). მოვლენის გამო ატმოსფეროში კოსმოსური სხივები შეძლებდა შემოღწევას. ამასთანავე, როგორც მეცნიერებმა გვაჩვენეს, ამ პროცესს უცნაური ხმა ჰქონდა.
ეს ხმა დანიელმა და გერმანელმა მკვლევრებმა აღადგინეს. ამისათვის მათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს, რომლებიც ჩვენი პლანეტის მაგნიტურ ველს უკავშირდება.
არსებული მონაცემების შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა არაერთი სახის რეალური ჩანაწერი გამოიყენეს, იქნებოდა ეს ხის ჭრაჭუნი თუ ქვების ცვენა. ამ ყველაფრის შერწყმით მათ უჩვეულო ხმები შექმნეს, რომელთა ანალოგიურიც პლანეტის მაგნიტური ველის გადახრისას უნდა წარმოქმნილიყო.
ამის მოსმენას ვიდეოში შეძლებთ:
ლაშამპის მოვლენის ხმა ახლა პირველად გავიგონეთ, თუმცა ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერ მოპოვებული მონაცემები აქამდეც გამოუყენებიათ, რათა ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველის ხმა შეექმნათ.
2022 წლის ოქტომბერში მეცნიერებმა წარმოადგინეს, თუ როგორ ხმებს გამოსცემს ჩვენი მაგნიტური ველი:
აი, როგორ "ჟღერს" დედამიწის მაგნიტური ველი — მოუსმინეთ
ახალი ჩანაწერის მსგავსად, როგორც ჩანს, მკვლევრებმა ამ შემთხვევაშიც ხის ჭრაჭუნის ხმა გამოიყენეს. მათი აზრით, მზის შტორმების დროს მაგნიტური ველი სწორედ ასეთ ხმებს შეიძლება გამოსცემდეს.
ახალი ჩანაწერით მეცნიერებმა კიდევ ერთხელ "მოგვასმენინეს" დედამიწის მაგნიტური ველი — ამჯერად ხმა, რომლის ანალოგიც დაახლოებით 41 ათასი წლის წინ გამოიცა.
კომენტარები