დედამიწის "სასიცოცხლო ნიშნები" სავალალო დონეზეა — კლიმატის 2024 წლის ანგარიში
მეცნიერებმა გამოცემა BioScience-ში კლიმატის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. მასში სპეციალისტები დედამიწის "სასიცოცხლო ნიშნებზე" საუბრობენ, რომლებიც, მათი თქმით, სავალალო მდგომარეობაშია.
ყოველ წელს ისინი ჩვენი პლანეტის 35 ასეთ მახასიათებელს აკვირდებიან და დასკვნები გამოაქვთ. ახლა აღმოჩნდა, რომ 25 "სასიცოცხლო ნიშანი" რეკორდულად დაბალ დონეზეა. ამის გამო ამბობენ, რომ კაცობრიობა "გარდაუვალი კლიმატური კატასტროფის წინაშეა", რადგან გარემოზე უარყოფით გავლენას ვერ ვამსუბუქებთ.
სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, საფრთხის წინაშე არამხოლოდ კაცობრიობა, არამედ მთელი ეკოსისტემა აღმოჩნდება. რისკს ადამიანთა სამრეწველო საქმიანობისას ატმოსფეროში გაფრქვეული ისეთი სათბურის აირები ზრდის, როგორიცაა ნახშირორჟანგი, მეთანი და ა.შ. მსგავსი ემისიების 90% წიაღისეული საწვავის წვის პროცესს უკავშირდება, დანარჩენი კი — გაუტყეურებასა და სხვა ამგვარ მოვლენებს.
"ეჭვგარეშეა, რომ ეს გლობალური საგანგებო მდგომარეობაა. ჩვენ კლიმატის კრიზისის ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც კრიტიკული და არაპროგნოზირებადია", — აცხადებენ ავტორები.
რაც შეეხება "სასიცოცხლო ნიშნებს", ასეთია, მაგალითად, ოკეანეების ზედაპირის ტემპერატურა, მჟავიანობა და გლობალურად ზღვის საშუალო დონე, რომლებიც ახლა რეკორდულად მაღალ დონეზეა. დედამიწაზე ტემპერატურა სულ უფრო იმატებს ისევე, როგორც ემისიები. რა თქმა უნდა, ეს ამინდზეც აისახება.
ამის პარალელურად, ადამიანთა პოპულაცია ყოველდღიურად დაახლოებით 200 000-ით იზრდება. ეს მაჩვენებელი 170 00-ია საქონლისა და სხვა შინაური ცხოველების შემთხვევაში, რომლებიც სათბურ აირებს გამოყოფენ, მათთვის ფერმების მოწყობა კი გაუტყეურების წინაპირობა ხდება.
"ეკოლოგიურმა გადაჭარბებამ — დედამიწის რესურსებიდან იმაზე მეტის აღებამ, ვიდრე მას შეუძლია, რომ უსაფრთხოდ გასცეს — პლანეტა იმაზე საშიშ კლიმატურ პირობებამდე მიიყვანა, რომელსაც თუნდაც ჩვენი პრეისტორიული ნათესავები
შესწრებიან", — აცხადებენ მეცნიერები.
ისინი შიშობენ, რომ კაცობრიობა სოციალურ კოლაფსს უახლოვდება. მათი თქმით, ამ საკითხების შესახებ ახლა იმაზე მეტი კვლევა ქვეყნდება, ვიდრე ოდესმე, რაც სიტუაციის სიმწვავეს კიდევ ერთხელ ადასტურებს. პროგნოზირებენ, რომ საუკუნის ბოლოსთვის შეცვლილი კლიმატი მილიონობით ან მილიარდობით ადამიანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აიძულებს. სავარაუდოდ, მოიმატებს შიმშილის, ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებიც.
ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად ან კლიმატის ცვლილების შედეგების შესამსუბუქებლად კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
კომენტარები