ახალი მსოფლიო რეკორდი — დედამიწის ორბიტაზე ერთდროულად 19 ადამიანი იმყოფება
დედამიწის ორბიტაზე ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა — იქ ახლა ერთდროულად იმაზე მეტი ადამიანი იმყოფება, ვიდრე ოდესმე.
მათი რაოდენობა 19-ს შეადგენს, საიდანაც 3 დანარჩენებს გუშინ, 11 სექტემბერს, შეუერთდა. ესენი არიან ამერიკელი დონ პეტიტი და რუსი კოსმონავტები, ალექსეი ოვჩინინი და ივან ვაგნერი.
ისინი პლანეტის გარშემო მოძრავ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე იმყოფებიან. მათთან ერთადაა: მეთიუ დომინიკი, მაიკლ ბარატი, ჯენეტ ეპსი, ალექსანდრ გრებიონკინი, ოლეგ კონონენკო, ტრეისი დაისონი, ნიკოლაი ჩაბი, ბარი უილმორი და სანი უილიამსი.
დედამიწის ორბიტაზე ჩინური კოსმოსური სადგური Tiangong-იც გადაადგილდება, რომლის ეკიპაჟის ამჟამინდელი წევრები არიან: ე გუანფუ, ლი კონგი და ლი გუანსუ.
რაც შეეხება დანარჩენ 4 ადამიანს, ისინი კომპანია SpaceX-ის ისტორიული კერძო მისია Polaris Dawn-ის სამოქალაქო ეკიპაჟის წევრები არიან: მილიარდერი და ცნობილი მეწარმე, ჯარედ აიზეკმენი; აშშ-ის საჰაერო ძალების ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, სკოტ პოტიტი; სარა გილისი და ანა მენონი, SpaceX-ის ინჟინრები.
ასევე, იხილეთ: ჯარედ აიზეკმენი ღია კოსმოსში გავიდა — პირველად კოსმოსური ტურიზმის ისტორიაში
ეს ის 19 ადამიანია, რომლებიც ამჟამად პლანეტის ორბიტაზე იმყოფებიან. წინა რეკორდული მაჩვენებელი 17 იყო და ის 2023 წლის მაისში დაფიქსირდა. იმავე თვეში Virgin Galactic-ისა და Axiom Space-ის კერძო სუბორბიტულმა მისიებმა ადამიანთა რაოდენობა 20-მდე გაზარდა, თუმცა ამ ფრენების დროს ორი ეკიპაჟი მხოლოდ კოსმოსის მიჯნამდე ავიდა და პლანეტისთვის არ შემოუვლია.
კომენტარები