პირველად იყო შეკუმშვა — რა ხდებოდა დიდ აფეთქებამდე
მკვლევრები თვლიან, რომ დიდ აფეთქებამდე სამყაროს შეკუმშვა ხდებოდა.
კოსმოლოგიის ერთ-ერთი თეორიის თანახმად, დიდი აფეთქება, შესაძლოა, არ იყოს სამყაროს დასაწყისი. ამ შემთხვევაში, სამყარო შეკუმშვისა და გაფართოების მუდმივ ფაზაშია. ეს ნიშნავს, რომ ბნელ ენერგიასა და ბნელ მატერიას სამყაროს ევოლუციის პროცესში კიდევ უფრო დიდი როლი აქვს.
ახალი კვლევის თანახმად, ბნელი მატერია შეიძლება შედგება შავი ხვრელებისგან, რომლებიც სამყაროს შეკუმშვის ბოლო მომენტში წარმოიქმნებოდა. ეს კი დიდ აფეთქებამდე უნდა მომხდარიყო. თუ ეს ასეა, ბნელი მატერიის კვალს გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიებით შეიძლება მივაგნოთ.
ცნობისთვის, ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 6%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება.
ბნელი მატერია არ ურთიერთქმედებს ხილულ მატერიასთან და სრულიად უხილავია ნებისმიერი ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებაში. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის არსებობს, რადგან ამით იხსნება შესამჩნევი გრავიტაციული ეფექტი გალაქტიკებსა და გალაქტიკათგროვებზე. ბნელი ენერგია კიდევ უფრო შეუცნობელია. ის ბნელი მატერიის საპირისპიროდ აღიქმება და სამყაროს გაფართოების აჩქარებასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება უშუალოდ მატერიის გადანაწილებას, გალაქტიკებში და კოსმოსურ მიკროტალღურ ფონზე ვარსკვლავების მოძრაობაზე დაკვირვება მიუთითებს, რომ სამყაროში არსებული მატერიის დაახლოებით 80% ბნელი მატერიაა. ეს ნივთიერება არ ირეკლავს შუქს და შესაბამისად, არც მას ასხივებს. მიუხედავად მისი სიმრავლისა, მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ რისგან შედგება ბნელი მატერია.
ახალ კვლევაში, მეცნიერებმა გამოიკვლიეს სცენარი, სადაც ბნელი მატერია შედგება პირველადი შავი ხვრელებისგან, რომლებიც წარმოიქმნება სიმკვრივის რყევებისგან. ეს უნდა მომხდარიყო სამყაროს შეკუმშვის ბოლო ფაზაში, გაფართოების პერიოდამდე ადრე.
მბრუნავი კოსმოსი
სამყაროს ტრადიციული კოსმოლოგიური თეორიის მიხედვით, სამყარო სინგულარობიდან დაიწყო და შემდეგ მოხდა გაფართოება (ინფლაცია). თუმცა, უფრო ეგზოტიკური თეორიის თანახმად, სამყარომ დიდ აფეთქებამდე (სინგულარობამდე) შეკუმშვის პროცესი გაიარა.
ასეთ მბრუნავ კოსმოლოგიაში სამყარო იმდენად შეკუმშული იყო, რომ რაღაც ეტაპზე მიკრო შავი ხვრელები წარმოიქმნა. მკვლევრების აზრით, სწორედ მათთან უნდა იყოს დაკავშირებული ბნელი მატერია.
"ასეთი პირველყოფილი შავი ხვრელები შეიძლება ჰოკინგის რადიაციითაც არ აორთქლებულიყო. შესაბამისად, ისინი შეიძლება ახლაც არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბნელი მატერია, შესაძლოა, სწორედ მათში იმალება", — განუცხადა Live Science-ს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის (CNRS) დირექტორმა, პატრიკ პიტერმა.
გამოთვლებმა აჩვენა, რომ ამ სამყაროს თვისებები, როგორიცაა სივრცის გამრუდება და მიკროტალღური ფონი, ემთხვევა მიმდინარე დაკვირვებებს, რაც მხარს უჭერს ხსენებულ თეორიას. ასტრონომები ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებას გეგმავენ.
კვლევის შედეგები ჟურნალ Cosmology and Astroparticle Physics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები