რა კავშირშია ჭიის ხვრელები ბნელ ენერგიასთან
შესაძლოა, ჭიის ხვრელები სამყაროს გაფართოებას აჩქარებს
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ჭიის ხვრელები სივრცე-დროზე ზემოქმედებით სამყაროს გაფართოებას იწვევს. ათწლეულებია მეცნიერები სამყაროს აჩქარებულ გაფართოებას ბნელი ენერგიით ხსნიან. თუმცა, აქ არის ერთი პრობლემა, თავად ბნელი ენერგიის დაფიქსირება ვერ ხერხდება.
ჩვენთვის ხილული სამყარო; დედამიწა, მზე, სხვა ვარსკვლავები თუ გალაქტიკები ატომებისგან შედგება. ეს ყველაფერი ერთად მთელი სამყაროს მასის 5%-მდეა. დანარჩენი უხილავი ნაწილი — სრული მასის დაახლოებით 67% ბნელ ენერგიაზე, ხოლო 27% ბნელ მატერიაზე მოდის. ისინი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობი სუბსტანციებისგან შედგება.
წლების განმავლობაში, მეცნიერებმა მრავალი იდეა წამოაყენეს ბნელი ენერგიის ასახსნელად. ბევრს მიაჩნია, რომ ბნელი ენერგია შავ ხვრელებში "იმალება", ხოლო ზოგი იმასაც უშვებს, რომ ის საერთოდაც არ არსებობს.
და, აი, ახლა ახალი კანდიდატი გამოჩნდა. საუბარია სუბატომურ ჭიის ხვრელებზე, რომლებიც მუდმივად ნადგურდება და თავიდან იბადება.
ჭიის ხვრელი ერთგვარი სივრცითი პორტალია, რომელში შესვლის შემდეგაც კოსმოსის ერთი ბოლოდან შეიძლება მეორე ბოლოში ამოხვიდეთ. ანუ, ამით სივრცესა და დროს ატყუებთ.
ჩვენ სამ სივრცით განზომილებას აღვიქვამთ. ამის საწინააღმდეგოდ, ჭიის ხვრელი კონკრეტულ მოცემულობას ცდება. თუმცა, ფიზიკა საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ეს ცვლილებები იმ სიტუაციებში, რომლებსაც ინტუიციურადაც ვერ შევისწავლით. საუბარია უმცირეს დონეზე, კვანტურ ეფექტებზე.
გვირაბის ხედვა
მკვლევრების გამოთვლებით, კუბურ სანტიმეტრზე შეიძლება წამში ასეთი ათი მილიარდი ჭიის ხვრელი ჩნდებოდეს და ქრებოდეს. მათი თქმით, წარმოქმნილი ეს ცვლილებები ისე მოქმედებს სივრცეზე, რომ შედეგად სამყარო დაჩქარებული ტემპით ფართოვდება.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შედეგი ევკლიდეს კვანტური გრავიტაციის საფუძველზე მივიღეთ, სავარაუდოა, რომ ჩვენი მოდიფიკაცია შეიძლება გავრცელდეს კვანტური გრავიტაციის სხვა თეორიებზეც", — განუცხადა Live Science-ს თესალიის უნივერსიტეტის დოქტორანტმა და კვლევის ავტორმა, სტილიანოს ცილიუკასმა.
მკვლევრების თქმით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ის, რასაც ჩვენ ბნელ ენერგიას ვეძახით.
"ამ პრინციპიდან გამომდინარე, დროსთან ერთად შეიძლება შეიცვალოს ბნელი ენერგიაც. ეს კი თანხვედრაში მოდის იმასთან, რომ სამყაროს გაფართოების ტემპიც იცვლება", — აღნიშნა ცილიუკასმა.
თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ თეორიაა და მეტი კვლევაა საჭირო.
"ჩვენ ახლა ვმუშაობთ მოდელზე, რომელიც ჭიის ხვრელის წარმოქმნის სიჩქარეს ითვლის. კვლევა პერსპექტიულია და ვიმედოვნებთ, რომ შედეგებს მალე გამოვაქვეყნებთ", — ამბობს ცილიუკასი.
კვლევა ჟურნალ Physical Review D-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები