უიშვიათესი შემთხვევა — ატაკამას უდაბნოში მცენარეები ყვავის
ჩილეში, ატაკამას უდაბნოში უიშვიათესი შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობისთვის, უდაბნოს ეს უნაყოფო ლანდშაფტი, წლიური ნალექების მიხედვით დედამიწაზე ყველაზე მშრალ ადგილად ითვლება.
როგორც Reuters იტყობინება, იშვიათი წვიმებისა და ტემპერატურის მკვეთრი მატების შემდეგ უდაბნოში თავი ყვავილებმა "იჩინეს". ეს იმდენად მშრალი ადგილია, რომ NASA მას სხვა პლანეტების გარემოს სიმულირებისთვის იყენებს.
"ეს ნამდვილად უცნაური შემთხვევაა. სამხრეთ ნახევარსფერო, სადაც უდაბნო მდებარეობს, ახლა ზამთრის პერიოდშია და უეცარი გამწვანება ნამდვილად გასაოცარია. ამ რეგიონში გამწვანება ორ წელში ერთხელ გაზაფხულის ძალიან მოკლე პერიოდისას ხდება ხოლმე, მაგრამ ზამთრისთვის ეს უიშვიათესი შემთხვევაა", — ამბობენ მკვლევრები.
მიუხედავად ამისა, ელ-ნინიოს სახელით ცნობილმა კლიმატურმა ცვლილებამ ადრეული წვიმები მოიტანა. სწორედ ამან გამოიწვია აყვავება.
ბოლოს ასეთი ადრეული აყვავება 2015 წელს დაფიქსირდა, თუმცა არა ასეთი მასშტაბური.
მკვლევრების თქმით, უახლოეს დღეებში შემდგომი წვიმებია მოსალოდნელი, რაც ნიშნავს, რომ გამწვანების მასშტაბები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.
კომენტარები