"მარტოსულმა" ფლამინგომ 70 წლის ასაკში პირველი კვერცხი დადო
ფლამინგომ, რომელიც აქამდე სათანადო მეწყვილის პოვნას ვერ ახერხებდა, 70 წლის ასაკში პირველი კვერცხი დადო.
ამ "მარტოსულ" ფრინველს გერტრუდა ჰქვია და ის ინგლისის ნორფოლკის საგრაფოში მდებარე პენსტორპის ნაკრძალში ბინადრობს. წლების განმავლობაში მას შესაჯვარებლად პარტნიორი არა და არ გამოუჩნდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც გაუმართლა.
"მთელი თავისი ცხოვრება ის თავშეკავებული იყო და დანარჩენი ფლამინგოებისგან იზოლირებულად არსებობდა. ამის მიუხედავად, წელს მოულოდნელად გამბედაობა მოიკრიბა და მამრებთან ფლირტი გააბა", — აცხადებს ნაკრძალის დირექტორი, ბენ მარშალი.
მამრებთან დაახლოების შემდეგ გერტრუდამ პარტნიორად ჯილი აირჩია, რომელიც მხოლოდ 37 წლისაა, ანუ მასზე 33 წლით პატარა. როგორც ჩანს, ამ ფლამინგოებისთვის ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს და არც მათი ურთიერთობისთვის შეუშლია ხელი, რადგან მალე გერტრუდამ თავისი პირველი კვერცხი დადო.
ეს მოვლენა სხვა მიზეზითაც განსაკუთრებულია. საქმე ისაა, რომ ველურ ბუნებაში ფლამინგოები 30-40 წელი ცოცხლობენ, მაქსიმალურ ასაკად კი 83 წელია დაფიქსირებული. შესაბამისად, გერტრუდა ამ მხრივაც გამორჩეულია, რომ არაფერი ვთქვათ მსგავს ასაკში კვერცხის დადებაზე.
"ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია არა მხოლოდ ის, რომ გერტრუდა ჯანმრთელია, არამედ ისიც, რომ მან ამ ასაკში სიყვარული იპოვა", — ამბობს ბენ მარშალი.
ასეთი წარმატების მიუხედავად, გერტრუდას კვერცხი ფერტილური არ აღმოჩნდა, ანუ იქიდან მისი ნაშიერი ვერ გამოიჩეკებოდა.
აღსანიშნავია, რომ გვიანდელი განაყოფიერების შემთხვევა 2021 წელსაც დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ კვერცხი ლაისანის ალბატროსმა, სახელად ვისდომმა, დადო, რომელიც 73 წლის ასაკში მსოფლიოში უხუცეს ველურ ფრინველად მიიჩნევა. სამწუხაროდ, არც მას გაუმართლა, რადგან მისი დიდი ხნის პარტნიორი დაიკარგა და აღარც გამოჩენილა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მოკვდა. ვისდომი, დანაკარგის მიუხედავად, მამრებთან დაახლოებას ისევ ცდილობს, თუმცა წელს მისგან კვერცხის დადებას არ ელიან.
კომენტარები