ბოლო 50 000 წელთან შედარებით, ნახშირორჟანგის დონე ახლა ყველაზე სწრაფად იმატებს
ადამიანთა სამრეწველო საქმიანობის გამო დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაცია დღითიდღე იმატებს. ახალი კვლევის თანახმად, ერთ-ერთი მავნე აირის, ნახშირორჟანგის, დონე ამჟამად იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ბოლო 50 000 წელში.
საინტერესოა, რა გზით მოიპოვეს მეცნიერებმა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იცვლებოდა CO2-ის შემცველობა ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში. მათ ამაში ანტარქტიკის რეგიონში არსებული ყინულის ანალიზი დაეხმარა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ბოლოს ნახშირორჟანგის დონის განსაკუთრებული მატება (ცხადია, ბუნებრივი) 7 000 წლის წინ დაფიქსირდა. ამ დროს 55 წლის განმავლობაში აღნიშნული აირის კონცენტრაცია მილიონში 14 ერთეულით იზრდებოდა. ახლა ამას მხოლოდ 5-6 წელი სჭირდება, ანუ, ავტორების თქმით, ეს პროცესი 10-ჯერაა აჩქარებული.
"წარსულის გამოკვლევა გვახვედრებს, რამდენად განსხვავებულია დღევანდელობა. CO2-ის მატების ამჟამინდელი ტემპი უპრეცედენტოა", — აცხადებენ მეცნიერები.
მათთვის ბოლო გამყინვარებისას ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდის პერიოდების შესახებ ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ დეტალური მონაცემები არ ჰქონდათ. უკანასკნელმა კვლევამ ცხადყო, რომ მსგავსი პერიოდები ჩრდილოამერიკული ყინულოვანი საფარის კოლაფსით იყო გამოწვეული. ეს ჯაჭვურ რეაქციებს განაპირობებდა, მათ შორის ტროპიკულ მუსონებს, სამხრეთ ნახევარსფეროში დასავლეთის ქარებს და ოკეანეებიდან CO2-ის გამოყოფას.
ამაზე უდიდეს გავლენას სწორედ დასავლეთის ქარები ახდენდა, რომლებიც ღრმაოკეანურ დინებებზე ზემოქმედებს. ეს გასათვალისწინებელია, რადგან კლიმატის ცვლილების გამო, შესაძლოა, ჰაერის მსგავსი მასები უფრო გაძლიერდეს და სამხრეთის ოკეანის მიერ ნახშირორჟანგის შეკავების უნარი შეასუსტოს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები