FDA-მ პირველი წამალი დაუშვა სახიფათო კვებითი ალერგიების საწინააღმდეგოდ
აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) პირველი წამალი დაუშვა სახიფათო კვებითი ალერგიების საწინააღმდეგოდ. ძალიან ძლიერი ალერგიული რეაქციები ზოგჯერ ფატალურადაც შეიძლება დასრულდეს. მედიკამენტი ქსოლაირის სახელით არის ბრენდირებული, ქიმიურად კი მას ომალიზუმაბი ეწოდება.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კვლევამ ამ მიზნით ქსოლაირის ეფექტიანობა დაადასტურა. ამ მედიკამენტს აქამდე დიდი ხანი იყენებდნენ ალერგიული ასთმის სამკურნალოდ.
რანდომიზებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ქსოლაირი 118 ბავშვზე გამოცადეს. მათ არაქისსა და მინიმუმ ერთ სხვა საკვებ პროდუქტზე ჰქონდათ ალერგია, მაგალითად რძესა თუ კვერცხზე.
დადგინდა, რომ ამ ტიპის მკურნალობის შემდეგ ბავშვების 67%-ს შეეძლო, მცირე რაოდენობით არაქისის ცილა სიმპტომების გარეშე აეტანა. პლაცებოს, ანუ ეფექტის არმქონე წამლის, მიმღები ბავშვებიდან ეს მხოლოდ 7%-მა შეძლო.
მედიკამენტი იმ მხრივ გააუმჯობესებს პაციენტების მდგომარეობას, რომ მათ ალერგენების მიმართ მუდმივ შიშში აღარ მოუწევთ ცხოვრება — როდესაც რომელიმე საკვებზე ალერგია ასეთი ძლიერია, შესაძლოა, მისი სულ მცირე რაოდენობით მიღებამაც კი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ წამალი უსაფრთხოების სრულ გარანტიას არ იძლევა — იგი მხოლოდ სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების შემცირებას ემსახურება. მაშასადამე, პაციენტები ისეთ პროდუქტებს მაინც უნდა ერიდნენ, რომლებზეც ძლიერი ალერგია აქვთ.
ქსოლაირი საინიექციო პრეპარატია. მისი მიღება 2-4 კვირაში ერთხელაა საჭირო. ამ მედიკამენტს ფარმაცევტული კომპანიები Roche და Novartis ყიდიან.
FDA-ს ნებართვის ფარგლებში წამლით სარგებლობას ძლიერი კვებითი ალერგიის მქონე პირები შეძლებენ, კერძოდ ზრდასრულები და ბავშვები ერთი წლიდან.
ამ მიზნით გამოყენების ნებართვა მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა საკვები პროდუქტის მიმართ ძლიერი ალერგიული რეაქცია ზოგჯერ ფატალურადაც სრულდება. ცნობილია, რომ აშშ-ში ასეთი რეაქციების გამო ყოველწლიურად დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ხვდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში.
კვლევის შედეგები, რომლებიც ქსოლაირის ეფექტიანობას ეხება, გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები