დეპრესიასა და სხეულის ტემპერატურას შორის საინტერესო კავშირი აღმოაჩინეს
დეპრესიის უკეთ მკურნალობისა და პრევენციისთვის საჭიროა მეტი გავიგოთ ტვინისა და სხეულის შესახებ.
რამდენიმე კვლევამ დეპრესიის სიმპტომებსა და სხეულის ტემპერატურას შორის კავშირები აღმოაჩინა. თუმცა, აქამდე ეს კვლევები არ იყო მასშტაბური.
და აი ახლა, მკვლევრებმა კალიფორნიის უნივერსიტეტის სან-ფრანცისკოს (UCSF) ჯგუფის ხელმძღვანელობით გააანალიზეს შვიდი თვის განმავლობაში შეგროვებული 20 880 ადამიანის მონაცემები. შედეგად დადასტურდა, რომ დეპრესიის მქონე ადამიანებს სხეულის უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ.
კვლევა მასშტაბურია და მან 106 ქვეყანა მოიცვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმის დასადგენად, თუ როგორ იწვევს სხეულის მაღალი ტემპერატურა დეპრესიას, ან პირიქით, რატომ იზრდება სხეულის ტემპერატურა დეპრესიასთან ერთად.
მიუხედავად ამისა, კვლევა უთითებს, რომ არსებობს კავშირი, რომელიც აუცილებლად გამოსაკვლევია. ამას აქვს პოტენციალი დაეხმაროს მილიონობით ადამიანს მთელი მსოფლიოდან.
"ეს არის ყველაზე დიდი კვლევა, რომელიც შეისწავლის კავშირს სხეულის ტემპერატურასა და დეპრესიას შორის. ამისთვის ტარებადი სენსორები გამოვიყენეთ", — თქვა UCSF-ის ფსიქიატრმა, ეშლი მეისონმა.
მეტის გასაგებად შემდგომი კვლევებია საჭირო. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ სხეულის ტემპერატურა კავშირშია დეპრესიასთან, თუ კონკრეტულად როგორ, ამის გამორკვევას კიდევ დრო დასჭირდება.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ცხელი აბაზანები და საუნა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. თუმცა, ამ კვლევებმა მცირე ჯგუფები მოიცვა. შესაძლებელია, რომ სხეულის თვითგაგრილებამ, რომელსაც ხსენებული აქტივობები იწვევს, დეპრესია შეამციროს.
"სხეულის ასეთ თბილ გარემოში მოქცევა სხეულის ტემპერატურის გაგრილებას იწვევს. ამიტომ, ჩვენი კვლევა ძალიან საინტერესოა და ამან დეპრესიის მკურნალობის სრულიად ახალი გზები შეიძლება გააჩინოს", — ამბობს მეისონი.
კვლევამ აჩვენა, რომ დეპრესიის სიმპტომების გამწვავებასთან ერთად, სხეულის საშუალო ტემპერატურა გაიზარდა.
"დეპრესიის მზარდი ტემპის გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებაზე", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები