ახალი არაოპიოიდური პრეპარატი ტკივილის სიგნალებს ტვინამდე მიღწევამდე ბლოკავს
აშშ-ის ქალაქ ბოსტონში დაფუძნებულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Vertex Pharmaceuticals არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი შექმნა, რომელიც პრეპარატზე დამოკიდებულებას არ იწვევს. მისი კლინიკური ცდის მეამე ფაზა ახლახან დასრულდა და სპეციალისტებმა მედიას იმედის მომცემი შედეგები გაუზიარეს.
როგორც ცნობილია ექსპერიმენტული მედიკამენტი იმ პაციენტებზე გამოცადეს, რომლებსაც ქირურგიული ოპერაციის შემდეგ საშუალო სიძლიერის ან მწვავე ტკივილი აღენიშნებოდათ.
ოპიოიდები ტვინზეც მოქმედებს და სხეულზეც, რის გამოც ხშირად ადამიანები მასზე დამოკიდებულები ხდებიან. სწორედ ამიტომ, კომპანიამ არაოპიოიდური პრეპარატი დაამზადა, რომელიც VX-548-ის სახელითაა ცნობილი. ის პერიფერიულ ნერვებზე ზემოქმედებს, რომლებიც ცენტრალური ნერვული სისტემისგან მოშორებითაა.
ტკივილის ასეთი წყაროების ჩახშობა ნიშნავს, რომ, წესით, იმპულსები ტვინამდე ვეღარ მიაღწევს და არც დამოკიდებულებას გამოიწვევს. მსგავსი მიდგომა Vertex-ისთვის ახალი არაა ისევე, როგორც სხვა ფარმაცევტული კომპანიებისთვის, მაგალითად Eli Lilly-სთვის და Regeneron Pharmaceuticals-თვის. ამის მიუხედავად, მათ ეფექტიანი არაოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები ვერ შექმნეს.
თავად Vertex-ს პლაცებოთი კონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგების შესახებ სრული მონაცემები არ გაუსაჯაროებია. ცნობილია, რომ კომპანია სპეციალური მარეგულირებელი ორგანოსგან, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სამსახურისგან, VX-548-ის წარმოების ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანას აპირებს. ეს მიმდინარე წელსაა მოსალოდნელი.
"მას წარმატების უზომო პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულების არგამომწვევი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ერის დასაწყისია", — აცხადებს ფარმაკოლოგიის ექსპერტი, სტივენ ვაქსმანი.
აქვე უნდა ითქვას, რომ დადებითი შედეგების მიუხედავად, ცდის მეორეხარისხოვან მიზანს ვერ მიაღწიეს. ის მწვავე ტკივილის უფრო მეტად შემცირებას გულისხმობდა, ვიდრე ოპიოიდ ჰიდროკოდონისა და პარაცეტამოლის კომბინაციითაა შესაძლებელი.
ასეა თუ ისე, ცდის მესამე ფაზის წარმატების გამო კომპანიის ღირებულება 2 პროცენტით უკვე გაიზარდა, წინა წელთან შედარებით კი — 35 პროცენტით. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არც კომპანია და არც ინვესტორები ოპიოიდებზე უპირატესობის მოპოვებას არ ელიან, რადგან მათთვის უსაფრთხოება და დამოკიდებულების რისკის თავიდან აცილება უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია.
ოპიოიდები, ყველანაირი ნაკლის მიუხედავად, მწვავე ტკივილის საწინააღმდეგო უპირველეს მედიკამენტებად რჩება და მათ ვერც VX-548 ჩაანაცვლებს, მაგრამ უსაფრთხო ალტერნატივა იქნება.
კომენტარები