ნახეთ: ჰაბლის ტელესკოპმა სატურნის რგოლების უჩვეულო მახასიათებელი დააფიქსირა
2023 წლის 22 ოქტომბერს ჰაბლის ტელესკოპმა მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პლანეტა სატურნი გადაიღო. ამ სურათს ის გამოარჩევს, რომ ვეტერანმა ობსერვატორიამ ციური სხეულის გარშემო არსებული გასაოცარი რგოლების ერთი უჩვეულო მახასიათებელიც აღბეჭდა.
თუ გამოსახულებას კარგად დააკვირდებით, რგოლების შიდა მხარეს ჩრდილოვან არეალებს შენიშნავთ. ისინი დროებითია, დაახლოებით დედამიწის ზომა აქვს და რგოლებთან ერთად ბრუნავს. მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.
მსგავსი რეგიონები პლანეტის ირგვლივ მხოლოდ ორჯერ ან სამჯერ შემოვლის შემდეგ ქრება, ანუ მათზე დაკვირვება მარტივი არაა. პირველად ისინი 1981 წელს Voyager 2-მა დააფიქსირა, შემდეგ კი Cassini-მ, რომელიც სატურნის გარშემო 2004-17 წლებში მოძრაობდა.
///
ჰაბლმა ეს წარმონაქმნები პროგრამა Outer Planets Atmospheres Legacy (OPAL)-ის ფარგლებში გადაიღო, რომლის მიზანიც მზის სისტემაში არსებული აირის გიგანტი პლანეტების კლიმატის შესწავლაა.
მეცნიერთა ჰიპოთეზის თანახმად, ეს არეალები, რომლებსაც Spoke-ის სახელით მოიხსენებენ, სატურნის მაგნიტურ ველთანაა დაკავშირებული. კერძოდ, შესაძლოა, მათ გაჩენას მაგნიტურ ველთან მზის გარკვეული ურთიერთქმედება იწვევდეს. ჰაბლის სხვა სურათებიდან ვიგებთ, რომ ისინი სეზონურად ფორმირდება, სატურნზე კი სეზონები დაახლოებით 7 წელს გრძელდება.
იქიდან გამომდინარე, რომ ახლა სატურნი ბუნიობას უახლოვდება, მსგავსი მოვლენები გახშირდება და ეს უჩვეულო არეალები უფრო ჩამუქდება. ამის მიზეზი ციური სხეულის იმგვარი დახრილობაა, რომელიც მაგნიტურ ველთან მზის ქარის ურთიერთქმედებას უწყობს ხელს.
კომენტარები