ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 32 წლის კელსი ჰეჩერმა, რომელიც ორ საშვილოსნოში ცალ-ცალკე დაფეხმძიმდა, ბირმინგემში მდებარე ალაბამის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში იმშობიარა.

ორი საშვილოსნოს მქონე ქალმა სამშაბათს ერთი ბავშვი გააჩინა, ოთხშაბათს კი — მეორე. ამის შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა და ახალდაბადებულ გოგონებს "სასწაულებრივი ბავშვები" უწოდა, ხოლო ექიმები შეაქო.

სამედიცინო დაწესებულების განცხადებით, დედაცა და ბავშვებიც თავს კარგად გრძნობენ. მათი თქმით, ეს ისეთი შემთხვევაა, როგორიც შესაძლოა, მთელი საექიმო კარიერის განმავლობაში არ შეგხვდეს.

ფოტო: UAB

ე.წ. ორმაგი საშვილოსნო მართლაც ძალიან იშვიათობაა (ქალების მხოლოდ 0.3%-ში გვხვდება) ისევე, როგორც მათში ნაყოფის ცალ-ცალკე ჩასახვა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის შანსი მილიონში ერთია. მსგავსი მოვლენა 2019 წელსაც დაფიქსირდა, როცა ბანგლადეშში მცხოვრებმა ქალმა ჯერ ერთი ბავშვი გააჩინა, 26 დღეში კი ტყუპები ეყოლა.

///

რაც შეეხება კელსი ჰეჩერს, მან თავისი ამ განსაკუთრებულობის შესახებ 17 წლის ასაკიდან იცის. აქამდე ქალმა სამჯერ იმშობიარა, თუმცა უკანასკნელი ორსულობა გამორჩეული აღმოჩნდა. ულტრაბგერით კვლევაზე მისულმა კელსიმ შეიტყო, რომ ამჯერად თითოეულ საშვილოსნოში ორი ნაყოფი ცალ-ცალკე იზრდებოდა.

კელსის ექიმები აღნიშნავენ, რომ ეს ბავშვებისთვის კარგი იყო, რადგან განსავითარებლად მეტი სივრცე ჰქონდათ, ეს კი ტიპური ორსულობის დროს, ტყუპების ჩასახვისას, არ ხდება. ქალმა ფეხმძიმობის 39-ე კვირაში იმშობიარა, რისთვისაც ორმაგი ყურადღება და მეტი მედპერსონალი დასჭირდა.

ორივე ბავშვი განსხვავებული მეთოდით გაჩნდა: პირველი გოგო, რომელსაც როქსი დაარქვეს, 19 დეკემბერს ბუნებრივად დაიბადა, ხოლო მისი და, რებელი, საკეისრო კვეთის გზით 10 საათის შემდეგ ამოიყვანეს. ისინი დიზიგოტური ტყუპები არიან, ანუ სხვადასხვა კვერცხუჯრედში სხვადასხვა სპერმით წარმოიშვნენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.