ნახეთ: როგორ იჭრიან და იბანენ თმას ასტრონავტები ჩინურ კოსმოსურ სადგურში
ოდესმე დაფიქრებულხართ, როგორ იჭრიან ან იბანენ თმას ასტრონავტები დედამიწის ორბიტაზე მოძრავ კოსმოსურ სადგურში? ახალი ვიდეო სწორედ ამას გვიჩვენებს.
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ კადრებში სადგურ Tiangong-ის ეკიპაჟის წევრები ჩანან, რომლებიც ერთმანეთს მოწესრიგებაში დაეხმარნენ.
მისია Shenzhou 17-ში მონაწილე ასტრონავტმა შენგძიე თანგმა კოლეგა სინლინ ციანს სპეციალური მოწყობილობით თმა აპარსა. ის პარალელურად თმის ღერებს იწოვს, რათა ისინი მიკროგრავიტაციის პირობებში არ გაიფანტოს და რომელიმე მნიშვნელოვან მოწყობილობაში არ შეაღწიოს. ასეთი აპარატები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში უკვე დიდი ხანია, გამოიყენება.
ვიდეოში ასევე ვხედავთ, როგორ იბანს თმას მისიის ხელმძღვანელი ტან ჰუნბუ. ამისთვის ის თავზე სპეციალურ ქუდს იფარებს, რომელში არსებულ შამპუნსაც ასტრონავტი თმაზე გარედან იზელს. მეორე ქუდში უკვე წყალია და ის შამპუნის ჩამოსაბანად გამოიყენება, რის შემდეგაც ტან ჰუნბუ თმას პირსახოცით იმშრალებს.
ახალი ეკიპაჟი ჩინურ კოსმოსურ სადგურში მისია Shenzhou 17-ის ფარგლებში, 26 ოქტომბერს, შევიდა და დედამიწის ორბიტაზე მოძრავი მოდული Shenzhou 16-ის ასტრონავტებისგან გადაიბარა. ისინი იქ 50 დღეზე მეტხანს იმყოფებოდნენ.
ახალი ეკიპაჟი Tiangong-ში დაახლოებით 6 თვე დარჩება და იანვარში, სავარაუდოდ, ხომალდ Tianzhou-თი დედამიწიდან გაგზავნილ ტვირთსაც მიიღებს.
კომენტარები