აღმოაჩინეს "ზღვის ყინულის გზა" — შესაძლოა, მისი გავლით ადამიანები ამერიკაში 24 000 წლის წინ ჩასულიყვნენ
აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ადრეული ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში 24 ათასი წლის წინ ჩასულიყვნენ. მიგნებები მათ ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ყოველწლიურ შეხვედრაზე წარადგინეს.
აქამდე მიჩნეული იყო, რომ ეს მიგრაცია დაახლოებით 13 ათასი წლის წინ მოხდა ყინულისგან თავისუფალი კორიდორის გავლით, რომელიც იმ დროს კონტინენტურ მყინვარულ ფარებს შორის გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ახალი არქეოლოგიური თუ გენეტიკური მიგნებები იმაზე მეტყველებს, რომ კონტინენტზე ადამიანები მანამდეც იყვნენ.
იმისათვის, რომ მიგრაციის შესაძლო დროს ოკეანეში არსებულ პირობებზე მიეღოთ ინფორმაცია, მეცნიერებმა სანაპიროს გაყოლებაზე არსებული ოკეანის დანალექი გამოიკვლიეს. მათ უმეტესად პაწაწინა განამარხებული პლანქტონისგან მიღებული მონაცემები გამოიყენეს. ასე მოიპოვეს ინფორმაცია ოკეანის ტემპერატურების, მარილიანობისა თუ ზღვის ყინულოვანი საფარის შესახებ და ივარაუდეს, რა დაბრკოლებები შეიძლება შეხვედროდათ ადრეულ ადამიანებს.
კვლევის მიხედვით, შესაძლოა, სახიფათო წყლების ნაცვლად ადრეულ ადამიანებს ზღვის ყინულით ესარგებლათ მიგრაციისთვის. კლიმატის მონაცემები აჩვენებს, რომ ამისათვის შესაფერისი პირობები 24 500-22 000 წლის წინ და 16 400-14 800 წლის წინ უნდა ყოფილიყო, რაც ზამთარში ზღვის ყინულის არსებობას ემთხვევა.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ადრეულ ამერიკელებს "ზღვის ყინულის გზა" გამოეყენებინათ გადაადგილებისა და ზღვის ძუძუმწოვრების მონადირების მიზნით.
არქეოლოგიური ადგილები ჩაძირულია, ამიტომ ამ ჰიპოთეზის დამტკიცება მარტივი ნამდვილად არ იქნება. მეორე მხრივ, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ მათი თეორია მიგრაციისთვის სხვა გზების არსებობას სულაც არ გამორიცხავს. მოდელები აჩვენებს, რომ 14 ათასი წლის წინ, როცა ალასკის დინება დაწყნარდა, ადამიანებისთვის ნაპირის გაყოლებაზე ნავით გადაადგილებაც გამარტივდებოდა.
მაშასადამე, კვლევა ადრეულ ადამიანთა მიგრაციის შესახებ უკვე დამკვიდრებულ მოსაზრებებს ეწინააღმდეგება. იგი იმის ერთგვარი დემონსტრაციაა, რომ წარსულის შესასწავლად უწყვეტი კვლევა-ძიება და უცხო იდეებისადმი მიმღებლობაა საჭირო.
კომენტარები