ინოვაცია: შექმნეს ქუდი, რომელიც ფიქრებს ნაწერად ინვაზიური მიდგომის გარეშე გარდაქმნის
სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აზრების წამკითხავი ქუდი შექმნეს, რომელსაც ფიქრების გაშიფვრა ინვაზიური პროცედურების გარეშე შეუძლია. ეს პირველი ასეთი მოწყობილობაა.
შესაძლოა, ინოვაცია სხვადასხვა დაავადებისა თუ დაზიანების მქონე ადამიანებს დაეხმაროს, რომელთაც ლაპარაკი არ შეუძლიათ. ეს იმის ერთგვარი გზაცაა, რომ ადამიანებმა მოწყობილობებთან პირდაპირ შეძლონ ინტერაქცია.
ქუდის გამოცდისას კვლევის მონაწილეებს სთხოვეს, რომ ტექსტი უხმოდ წაეკითხათ. პარალელურად მათი ტვინის ელექტრულ აქტივობას ელექტროენცეფალოგრამით (EEG) იწერდნენ.
მკვლევრებმა შემდეგ ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელი, სახელად DeWave, გამოიყენეს, რათა ფიქრები ნაწერად გარდაექმნათ. სისტემამ ეს 40-60-%-იანი სიზუსტით შეძლო.
"ნაშრომი პირველია, რომლის ფარგლებშიც EEG ტალღები პირდაპირ ენად გადაითარგმნა, რაც სფეროში მნიშვნელოვანი გარღვევაა", — განაცხადა ჩინ-თენგ ლინმა, სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორმა.
პროფესორის აზრით, დიდი ენის მოდელების ინტეგრაცია ნეირომეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის კუთხით უამრავ ახალ შესაძლებლობას გვპირდება.
///
საგულისხმოა, რომ ტვინისა და კომპიუტერის დამაკავშირებელი სხვა ისეთი მოწყობილობებიც არსებობს, რომლებიც ფიქრებს ნაწერად გარდაქმნის. ამჟამად ეს სისტემები MRI სკანირებას ანდა ცხვირსა თუ თავის ქალაში ელექტროდების ჩადგმას საჭიროებს. ეს საკმაოდ ინვაზიური მიდგომაა.
მაგალითისთვის, ილონ მასკის სტარტაპი Neuralink ქირურგიულ რობოტს იყენებს ტვინში იმპლანტანტის ჩასადგამად. ტექნოლოგიამ ადამიანებს სხვადასხვა უნარი უნდა გაუუმჯობესოს, თუნდაც მხედველობის ანდა აზროვნების.
რამდენიმე თვის წინ Neuralink-მა FDA-სგან ნებართვა მიიღო, რათა იმპლანტანტები ადამიანებზე გამოცადოს. მეორე მხრივ, არსებობს დავა იმის თაობაზე, რომ ცხოველებზე ტესტირებისას მაიმუნებს "უკიდურესი ტანჯვა" განაცდევინეს. ამ ბრალდებებს მასკი და Neuralink უარყოფენ.
სხვა მსგავსი მოწყობილობები, რომლებიც ინვაზიურ მიდგომას იყენებს, ახალ სისტემაზე ზუსტია. მიუხედავად ამისა, ინოვაციის ავტორებს სჯერათ, რომ შესაძლებელია, მან 90%-იან სიზუსტესაც მიაღწიოს.
კვლევა მეცნიერებმა NeurIPS კონფერენციაზე წარადგინეს 12 დეკემბერს, ნიუ-ორლეანსში.
კომენტარები