15 000 წლის წინ ევროპაში კანიბალიზმი გავრცელებული იყო — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, 15 000 წლის წინ ევროპის სხვადასხვა ნაწილში კანიბალიზმი გავრცელებული იყო, როგორც ერთგვარი სამგლოვიარო პრაქტიკის ნაწილი. ეს მეცნიერებმა არქეოლოგიური და გენეტიკური მასალის ანალიზის გზით დაასკვნეს.
სპეციალისტებმა მიაგნეს ადამიანთა ნაშთებს, რომლებზეც ღეჭვის კვალია დატოვებული. ძვლებზე კი შემორჩენილია ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ მისზე ხელოვნურად ზემოქმედებდნენ, რათა იარაღი მიეღოთ. ეს ყველაფერი მადლენის კულტურას უკავშირდება, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში სწორედ 15 000 წლის წინ, ზედა პალეოლითის გვიანდელ პერიოდში არსებობდა.
"არქეოლოგიური მტკიცებულებები მიანიშნებს, რომ კანიბალიზმი ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ხშირი იყო, როგორც მადლენის კულტურის სამგლოვიარო პრაქტიკის ნაწილი", — აცხადებენ ავტორები.
მათ ინგლისის ტერიტორიაზე მდებარე გოფის გამოქვაბულში მიკვლეული ჩონჩხები შეისწავლეს. საბოლოოდ, ღეჭვის კვალი ადამიანია 100 ძვალზე აღმოჩნდა, რაც, სპეციალისტთა თქმით, კანიბალიზმის ხელჩასაჭიდი დასტურია.
ისინი ამბობენ, რომ მადლენის ხალხი მოგვიანებით ეპიგრავეტულმა ჯგუფებმა განდევნეს, რომლებიც დაღუპულებს მარხავდნენ. შესაბამისად, პოპულაციების ცვლილების პარალელურად, კანიბალიზმიც სტანდარტულმა დაკრძალვამ ჩაანაცვლა.
"ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული ცვლილება სამგლოვიარო ქცევაში დემოგრაფიული გავრცელების მაგალითია, როცა ერთი პოპულაცია მეორეს ანაცვლებს და ქცევაზეც ზემოქმედებს", — ამბობენ მეცნიერები.
ისტორიის განმავლობაში ადამიანები ოჯახის წევრებსა და ახლობლების დაღუპვისას სხვადასხვაგვარად იქცეოდნენ. დღესაც მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, ტიბეტში ნეშტს მტაცებელ ფრინველებს ცაში ატანენ, აშშ-ში გვამს ნაყოფიერ მიწად აქცევენ და ა.შ. როგორც ჩანს, ძველად ევროპაში კანიბალიზმი ერთ-ერთი ასეთი პრაქტიკა იყო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Quaternary Science Reviews გამოქვეყნდა.
კომენტარები