371-დღიანი მისიის შემდეგ, NASA-ს რეკორდსმენი ასტრონავტი დედამიწაზე დაბრუნდა
NASA-ს რეკორდსმენი ასტრონავტი ფრენკ რუბიო დედამიწაზე დაბრუნდა. მან პლანეტის მიზიდულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირველად იგრძნო.
რუბიო და მისი ორი რუსი კოლეგა — კოსმონავტები სერგეი პროკოპიევი და დიმიტრი პეტელინი — კაფსულით ყაზახეთის ტერიტორიაზე დაეშვნენ.
ამით რუბიოს გრძელი და მოულოდნელი კოსმოსური თავგადასავალი დასრულდა. ასტრონავტს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მხოლოდ 6 თვე უნდა გაეტრებინა, თუმცა გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო მან იქ 371 დღე დაჰყო. ამის მიზეზი გამაგრილებლის გაჟონვა იყო, რომელიც ასტრონავტის ISS-ზე მისვლას მოჰყვა.
ამით რუბიო მრავალი რეკორდის მფლობელი გახდა. მათ შორის, ის პირველი ამერიკელი ასტრონავტია, რომელმაც მიკროგრავიტაციაში სრული წელი გაატარა. აღსანიშნავია, რომ ეს მისი პირველი მისია იყო.
რუბიოს თქმით, რომ სცოდნოდა თუ რამდენი ხნის გატარება მოუწევდა კოსმოსში, დიდი ალბათობით, ამ მისიაზე თავიდანვე უარს იტყოდა.
"ამ ყველაფერზე უარის თქმა ოჯახის გამო მომიწევდა. ამ დროის განმავლობაში ოჯახი ძალიან მომენატრა და ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა გამოვტოვე", — უთხრა CNN-ს რუბიომ.
NASA-ს ცნობით, რუბიომ და მისმა ეკიპაჟმა 253 მილიონი კილომეტრი დაფარეს. მთლიანობაში მათ დედამიწას 5 963-ჯერ შემოუარეს.
აქამდე ამერიკელი ასტრონავტებიდან რეკორდი მარკ ვანდე ჰეის ეკუთვნოდა, რომელმაც 2022 წელს ISS-ზე 355 დღე გაატარა.
რაც შეეხება ყველა დროის რეკორდს, ეს რუს კოსმონავტ ვალერი პოლიაკოვს ეკუთვნის. მან 1994 წლიდან 1995 წლის ჩათვლით კოსმოსში 437 დღე დაჰყო.
კომენტარები