დაღუპულის ოჯახი Google-ს უჩივის — მათი მტკიცებით, კაცი ხიდიდან Google Maps-ის არასწორი მითითების გამო ჩავარდა
ჩრდილოეთ კაროლინაში დაღუპული კაცის ოჯახი Google-ს უჩივის. მათი მტკიცებით, Google Maps-მა მას არასწორი მითითებები მისცა და ავტომანქანა ჩამონგრეულ ხიდზე მიაყვანინა.
Associated Press-ის მიხედვით, ფილიპ პაქსონი 2022 წელს ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას. იგი თავისი Jeep Gladiator-ით ცდილობდა ხიდზე გადასვლას, როდესაც 6 მეტრი სიმაღლიდან ჩავარდა და მდინარის შენაკადში დაიხრჩო.
ოჯახის მტკიცებით, ინციდენტის თავიდან არიდება ნავიგაციის სისტემის უბრალო განახლებითაც კი იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა საკითხავია, ცნობენ თუ არა Google-ს დამნაშავედ.
სარჩლის თანახმად, პაქსონს ნავიგაციამ იმ ხიდისკენ მიუთითა, რომელიც 9 წლის წინ ჩაინგრა და დღემდე არ აღუდგენიათ. ოჯახი Google-ს იმაში ადანაშაულებს, რომ, მიუხედავად არაერთი მომხმარებლის შენიშვნისა, რუკა მთელი ამ დროის განმავლობაში არ განუახლებიათ.
საგულისხმოა, რომ არ ყოფილა არანაირი ბარიერი ან ნიშანი, რომელიც მძღოლებს გააფრთხილებდა.
დამნაშავის გამოვლენას რაც შეეხება, ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო პატრულის განცხადებით, ხიდის აგებაზე პასუხისმგებელი კომპანია აღარ არსებობს; სარჩელი ქონების მართვის რამდენიმე კერძო კომპანიაზე მიუთითებს.
ამის თაობაზე ბევრი არც Google-ს ჰქონია სათქმელი. სავარაუდოდ, კომპანია სასამართლოში თავს დაიცავს, თუკი საქმე აქამდე მივა.
"ღრმად თანავუგრძნობთ პაქსონების ოჯახს", — განაცხადა ხოსე კასტანედამ, Google-ის წარმომადგენელმა, AP-თან საუბრისას — "ჩვენი მიზანია, Maps-ში მარშრუტის ზუსტი ინფორმაცია უზრუნველვყოთ და ამ სარჩელს განვიხილავთ".
კომენტარები