NASA-ს ვერტმფრენმა მარსზე ახალი რეკორდი დაამყარა
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ მარსზე გაშვებული ვერტმფრენი Ingenuity საკუთარივე შედეგების გაუმჯობესებას განაგრძობს. კერძოდ, 1.8-კილოგრამიანმა აპარატმა ამჯერად ფრენისას სიმაღლის რეკორდი დაამყარა.
ეს 16 სექტემბერს, რიგით 59-ე ფრენისას მოხდა, როცა Ingenuity წითელი პლანეტის ზედაპირიდან იმაზე მაღლა აიჭრა, ვიდრე ოდესმე. მას ჰორიზონტალურად მანძილი არ დაუფარია.
"Ingenuity-იმ ახალი რეკორდი დაამყარა! მარსის ვერტმფრენმა 59-ე ფრენა წარმატებით შეასრულა და ყველაზე მაღლა აფრინდა — 20 მეტრზე. აპარატი ჰაერში 142.59 წამს გაჩერდა", — ვკითხულობთ სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ფრენისას გადაღებული ფოტოც აქვს დართული. მასზე Ingenuity-ის ჩრდილი მოჩანს.
Ingenuity წითელ პლანეტაზე 2021 წლის თებერვალში, მარსმავალ Perseverance-თან ერთად, 45-კილომეტრიან ეზეროს კრატერში დაეშვა. იქ ადრე ტბა და მდინარის დელტა იყო, ამიტომ მეცნიერებისთვის ეს ადგილი განსაკუთრებულად საინტერესოა.
მავალი კრატერში სიცოცხლის კვალის მოძიებას ცდილობს და გრუნტისა თუ ქვების ნიმუშებს აგროვებს, რომლებიც დედამიწაზე უნდა ჩამოვიტანოთ. ამ მასალას შემდეგ სპეციალისტები დეტალურად შეისწავლიან.
აღნიშნულ პროცესში ვერტმფრენი Perseverance-ის ერთგვარი დამხმარის ფუნქციას ასრულებს და მისთვის საუკეთესო ტრაექტორიების მოძებნაში გვეხმარება. Ingenuity-ის პირველადი მისია იმის ჩვენებას ისახავდა მიზნად, რომ მარსის თხელ ატმოსფეროში მსგავსი აპარატის ფრენა შესაძლებელია. ამის სადემონსტრაციოდ მან 5-ჯერ იფრინა, თუმცა მისია გახანგრძლივდა და ის უფრო და უფრო მეტ სიმაღლეზე ადის.
აქამდე Ingenuity-ის სიმაღლის რეკორდი 18 მეტრი იყო, ფრენის ხანგრძლივობის 169.5 წამია, ხოლო დაფარული მანძილის — 704 მეტრი.
კომენტარები