როგორ მოქმედებს კომპიუტერული თამაშები ჩვენს ჯანმრთელობაზე — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, კომპიუტერული თამაშები ჩვენზე ცუდად არ მოქმედებს.
კვლევა ჟურნალ Computers in Human Behavior-ში გამოქვეყნდა. მკვლევრებმა 270 პორტუგალიელი გეიმერის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოიკვლიეს. კვლევის მონაწილეები კვირაში მინიმუმ შვიდ საათს კომპიუტერულ თამაშებს უთმობდნენ.
მკვლევრებს სურდათ გამოევლინათ განსხვავებები მათ შორის ვინც კომპიუტერულ თამაშებს ბევრ დროს უთმობს. ამ მხრივ ადამიანები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყონ, ისინი ვისაც კომპიუტერული თამაშები პრობლემებს არ უქმნით და ისინი ვისზეც ეს ყველაფერი ცუდად აისახება.
"თამაში შეიძლება იყოს ჰობი და ყველა მოთამაშე არ გახდეს მასზე დამოკიდებული", — განუცხადა PsyPost-ს კვლევის თანაავტორმა, ჟოან კორდოსომ.
მონაცემების შესაგროვებლად, მკვლევარებმა 18-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებს შეკითხვები ცხოვრების წესის სხვადასხვა ჩვევებზე დაუსვეს, მათ შორის ფიზიკურ აქტივობაზე, ძილსა და დიეტაზე. სხვა კითხვები ასევე მოიცავდა მათ საერთო ფსიქიკურსა და ფიზიკურ ჯანმრთელობას.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ "კომპიუტერულ თამაშებში გადართული" ადამიანები მსგავს აქტივობას დღეში საშუალოდ 3,5 საათს უთმობდნენ. ეს ბევრია, მაგრამ არც იმდენი, რამდენიც ამ მხრივ სტერეოტიპული შეხედულება არსებობს.
გარდა ამისა, მოთამაშეების უმეტესობამ აღნიშნა, რომ ფიზიკური აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი. ისინი მიჰყვებოდნენ სპორტულ ცხოვრებას, ან ვარჯიშობდნენ სპორტულ დარბაზებში.
მეორე სტერეოტიპის დამსხვრევა მოხდა მაშინ, როდესაც კვლევის მონაწილეების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ თამაშის დროს არ ჭამდნენ.
მთლიანობაში, მოთამაშეების 2 პროცენტზე ნაკლებს ჰქონდა ე.წ. "ინტერნეტ თამაშების აშლილობა".
"ჩვენ უფრო დიდ პროცენტს ველოდით. კველვის მონაწილეების უმეტესობა არ იყო თამაშებზე დამოკიდებული და დაბალანსებულ ცხოვრებას ახერხებდა", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
რა თქმა უნდა, კვლევას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. კვლევამ მხოლოდ პორტუგალიელი გეიმერები მოიცვა და არა მსოფლიოს უდიდესი სათამაშო ბაზარი — აშშ. მეტიც, კვლევაში მხოლოდ 270 ადამიანი მონაწილეობდა, რაც არც თუ ისეთი დიდი ციფრია.
მკვლევრების თქმით, ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება აუცილებელია.
კომენტარები