Instargram ახალ ფუნქციას ტესტავს, რომლითაც პოსტებს მხოლოდ ახლო მეგობრებს გაუზიარებთ
Instagram-ზე ყველა ჩვენი მიმდევარი ჩვენი ახლობელი როდია. ეს, ალბათ, თქვენც ხშირად გიშლით ხელს რაიმე ისეთის დაპოსტვაში, რასაც მხოლოდ ახლო მეგობრებს თუ გაუზიარებდით.
სწორედ ამ და სხვა მიზეზების გამო Instagram ახალ ფუნქციას ტესტავს. იგი საშუალებას მოგცემთ, პოსტები მხოლოდ Close Friends აუდიტორიას, ანუ ახლო მეგობრებს, გაუზიაროთ.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნული ფუნქცია Instagram-ზე უკვე არაერთმა მომხმარებელმა შენიშნა.
კომპანიამ დაადასტურა, რომ ამ ფუნქციას რამდენიმე ქვეყანაში ტესტავს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომლებში.
"კონკრეტულ ქვეყნებში ხალხისათვის შესაძლებლობას ვტესტავთ, რომ პოსტები Close Friends აუდიტორიას გაუზიარონ. ყოველთვის ვეძებთ ჩვენი საზოგადოებისათვის ახალ გზებს, რათა Instagram-ზე იურთიერთონ და საკუთარი თავები გამოხატონ", — განაცხადა Meta-ს წარმომადგენელმა.
თუკი სამომავლოდ ფუნქცია უფრო ფართოდ დაინერგება, მომხმარებლებს საშუალება მოგვეცემა, პოსტები მხოლოდ მეგობრებს გავუზიაროთ და არა ჩვენს ყველა მიმდევარს. შესაბამისად, დიდი ალბათობით, მეორე ანგარიშების (ე.წ. სპამ ანგარიში) შექმნის საჭიროებაც შემცირდება.
ჯერ კიდევ 2018 წელს გამოუშვა Instagram-მა ფუნქცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი Stories მხოლოდ ახლო მეგობრებს გავუზიაროთ, Close Friends აუდიტორიას. მომდევნო წელს კომპანიამ Close Friends წრეში სპეციალური სასაუბრო აპლიკაციაც შექმნა — Threads, რომელიც 2021 წელს გაუქმნდა.
გასული წლის დეკემბერში Instagram-ს Notes ფუნქცია დაემატა, რომელიც მეგობრებისათვის მოკლე ტექსტური ინფორმაციის გაზიარების საშუალებას გვაძლევს. Notes-ის ფარგლებში შემდეგ თარგმანის ხილვისა და მუსიკის/ადგილმდებარეობის გაზიარების ვარიანტებიც გამოჩნდა.
კომენტარები