გარემოს ეროვნული სააგენტო წყალმოვარდნებისა და მეწყრული პროცესების შესახებ გვაფრთხილებს
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი, ზოგან კი სეტყვა.
ხვალ, 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექები, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
ასევე, 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, მაღალმთიან რეგიონებში კი შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.
ამგვარი პროგნოზის გათვალისწინებით, გაუარესებულმა ამინდმა შესაძლოა, საფრთხის შემცველ პროცესებს შეუწყოს ხელი.
"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", — ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები