უიშვიათესი შემთხვევა — ექიმებმა ქალის ტვინიდან 8 სანტიმეტრის სიგრძის ცოცხალი ჭია ამოიღეს
64 წლის ქალს მოულოდნელად მუცლის ტკივილი დაეწყო. ამის შემდეგ იყო დიარეა, მშრალი ხველება და ღამის ოფლიანობა. სამი კვირის თავზე ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამას კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა მოჰყვა და ეს ერთი წელი გაგრძელდა. მდგომარეობა უარესდებოდა, დიაგნოზს კი ვერ სვამდნენ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ პაციენტს მახსოვრობის პრობლემები გაუჩნდა. მალე ამას დეპრესიაც მოჰყვა. ტვინის MRI-მ მარჯვენა შუბლის წილის დაზიანება გამოავლინა. ექიმებმა ღია ბიოფსიის გაკეთება გადაწყვიტეს.
ის რაც მათ აღმოაჩინეს, ყველა გააოცა. ექიმებმა ქალის ტვინიდან 8 სანტიმეტრის სიგრძის პარაზიტული მრგვალი ჭია ამოიღეს. ჭია Ophidascaris robertsi-ის მესამე სტადიის ლარვა იყო.
ტვინში ცოცხალი ჭიის პირველი შემთხვევა
"არავის გვეგონა, რომ იქ ჭიას ვიპოვნიდით. ინფექცია? კი, ეს შესაძლებელი იყო, მაგრამ არა ცოცხალი ჭია", — თქვა ექიმმა სანჯაია სენაიაკემ, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა.
ჭიის ეს სახეობა გველებში გვხვდება, კონკრეტულად პითონებში. ლეგიტიმურია შეკითხვა, როგორ გაჩნდა ის ქალის ტვინში?
"ჭია, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, პირდაპირ ლაბორატორიაში გადავაგზავნეთ. ექსპერტმა შეხედა მას და გაოცდა. ეს Ophidascaris robertsi იყო", — თქვა ექიმმა სენაიაკემ The Guardian-თან ინტერვიუში.
როგორ აღმოჩნდა ჭია ქალის ტვინში?
ჟურნალ Emerging Infectious Diseases-ის ცნობით, ქალს გველთან პირდაპირი კონტაქტი არ ჰქონია. ის ტბის ირგვლივ ბოსტნეულს ხშირად აგროვებდა. მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ქალმა პარაზიტის კვერცხები ბოსტნეულიდან მიიღო. სწორედ ასე აღმოჩნდა პარაზიტი მის ორგანიზმში.
"მას ძალიან არ გაუმართლა. ის პირველი პაციენტია, რომელსაც ტვინში პითონის პარაზიტი უპოვნეს", — თქვეს ექიმებმა.
თუმცა, მსგავსი დაავადებები გადამდები არ არის. შესაბამისად, ასეთი პანდემიის არ უნდა გვეშინოდეს.
კომენტარები