ნახეთ: მასაჩუსეტსის ტყეში უჩვეულო შესახედაობის გიგანტური ვირუსები აღმოაჩინეს
მასაჩუსეტსის ტყის ნიადაგში მეცნიერებმა არაერთი გიგანტური ვირუსი აღმოაჩინეს, რომელთა მსგავსიც აქამდე არასოდეს გვიხილავს. მიგნებები იმაზე მეტყველებს, რომ ბუნებაში მოსალოდნელზე მეტი სხვადასხვანაირი მასიური პარაზიტია; გაცილებით დიდი იქნება მათი ევოლუციური მნიშვნელობაც.
კვლევა რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში ჯერ არ გამოქვეყნებულა. იგი bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი.
გიგანტურ ვირუსთა დიამეტრი 2 მიკრომეტრს აჭარბებს, ანუ ისინი დაახლოებით ბაქტერიის ზომისაა. ასეთ ვირუსებს უზარმაზარი გენომები აქვს — გაცილებით კომპლექსური ორგანიზმების გენომებზე დიდიც კი.
აქამდე კვლევების უმრავლესობა მტკნარწყლიან გარემოში მცხოვრებ ვირუსებზე იყო ფოკუსირებული. წყალმცენარეებში რამდენიმე წლების წინ გიგანტური ვირუსები აღმოაჩინეს; გვიხილავს ე.წ. მიმივირუსებიც, რომლებიც ამებას აინფიცირებს.
მეორე მხრივ, დნმ-ის სეკვენირებით უკვე დიდი ხნის წინ გაცხადდა, რომ გიგანტური ვირუსები სხვაგანაც მრავლადაა, განსაკუთრებით დანალექ ქანებსა და ნიადაგში — დედამიწაზე ვირუსულ ნაწილაკთა 97% სწორედ აქ გვხვდება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჰარვარდის ტყიდან (დაახლოებით 16 კმ2 ტერიტორია დასავლეთ ბოსტონში) მოპოვებულ ნიადაგს ჩაუტარეს გენომური სეკვენირება, შედეგად კი არაერთი ახალი გიგანტური ვირუსი აღმოაჩინეს.
ამჯერად ელექტრონული მიკროსკოპიის მეშვეობით მკვლევრებმა ისეთი რამ დაინახეს, რაც აქამდე მხოლოდ სეკვენირებით იყო დადგენილი. მეცნიერებმა არამხოლოდ მოსალოდნელი ოცწახნაგა ფორმები შენიშნეს, არამედ უთვალავი სახეცვლილება დააფიქსირეს. მრავლად იყო: კუდები, შეცვლილი ადგილები, მრავალშრიანი ან დაღარული სტრუქტურები.
ზოგიერთ ვირუსს, რომელთაც მეცნიერებმა "გორგონები" შეარქვეს, მილისებრი გრძელი გამონაზარდებიც ჰქონდა.
ამას გარდა, ბევრი ვირუსული ნაწილაკი თმის მაგვარი შვერილებით იყო დაფარული, რომლებიც სხვადასხვა სიგრძის, სისქის, ფორმისა და სიხშირის იყო.
მიგნებები იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსოლოგიაში ჯერ კიდევ ბევრია გასარკვევი გიგანტური ვირუსებისა და მათი მასპინძელ უჯრედებთან ინტერაქციის შესახებ. სავარაუდოდ, ამ ვირუსებს ნიადაგსა და არაერთ სხვა გარემოში იმაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური როლი აქვს, ვიდრე აქამდე წარმოვიდგენდით.
კომენტარები