Facebook-ის ვიდეოების ველში სიახლეა — სახელის ცვლილება და დამატებითი ფუნქციები
სოციალური ქსელი Facebook ვიდეოების ველში Instagram-ისთვის დამახასიათებელი ფუნქციების ჩაშენებას განაგრძობს. ახლა რილსების რედაქტირების ხელსაწყოებს უკვე ჩვეულებრივ ვიდეოებშიც გამოიყენებთ, Explore-ის სექციის დამატებით კი რეკომენდებულ შიგთავსს დაათვალიერებთ.
განახლება შეეხო ვიდეოების ველის სახელსაც, რომელსაც აქამდე Facebook Watch ეწოდებოდა, თუმცა ამიერიდან უბრალოდ Video დაერქმევა. იქ იხილავთ როგორც ხანმოკლე კლიპებს, ასევე პირდაპირ ტრანსლაციებსა და ხანგრძლივ ვიდეოებს.
ამგვარი სიახლეები მოულოდნელი არაა, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული, როცა Facebook-ში Watch ფუნქცია ინტეგრირდა, კომპანიის სტრატეგია საგრძნობლად შეიცვალა. მაშინ მეტი ყურადღება სატელევიზიო გადაცემებსა და სხვა ხანგრძლივ ვიდეოებს ეთმობოდა, ახლა კი, ბაზარზე კონკურენტი TikTok-ის გამოჩენის შემდეგ, ხანმოკლე შიგთავსი უფრო პოპულარული გახდა.
ასეთია, მაგალითად, რილსები და ალგორითმის მიერ რეკომენდებული სხვა სახის კლიპები. მარკ ცუკერბერგს სურს, რომ Facebook სიახლეების აღმოჩენის ხელსაწყოდ იქცეს, რასაც სწორედ Explore სექცია ემსახურება. ის Instagram-ზე არსებული Explore grid-ის ანალოგიურია. იქ თავმოყრილია შემოთავაზებული და ტრენდული ვიდეოები, რომლებიც ჰეშთეგების ქვეშაა დაჯგუფებული
Meta ცდილობს, რომ Facebook-ის რილსები Instagram-თან უფრო მეტად დააკავშიროს და აპლიკაციებს შორის ჯვარედინი დაპოსტვა წაახალისოს. ახლა უკვე კომენტარებიც საერთოა, რისი მეშვეობითაც მომხმარებლებს Instagram-ის რილსზე კომენტარის დასაწერად ამ აპლიკაციაზე გადართვა აღარ დასჭირდებათ.
ჩამოთვლილი ცვლილებები უკვე გაშვებულია როგორც Facebook-ის აპლიკაციაში, ასევე ვებგვერდზე. ის ეტაპობრივად ყველგან გააქტიურდება.
კომენტარები