3 ივლისი ისტორიაში რეკორდულად ცხელი დღე იყო
აშშ-ის მეტეოროლოგთა პირველადი გაზომვებით, 2023 წლის 3 ივლისი რეკორდულად ცხელი დღე იყო. ისტორიაში პირველად, დედამიწის საშუალო ტემპერატურამ 17 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა.
ჰაერის დღიური საშუალო ტემპერატურა 3 ივლისს 17.01°C იყო. ეს მონაცემი აშშ-ის ეროვნულ ოკეანურ და ატმოსფერულ ადმინისტრაციაზე (NOAA) მიბმულ ორგანიზაციას ეკუთვნის.
წინა რეკორდული ტემპერატურა 2022 წლის 24 ივლისს დაფიქსირდა და ეს მაჩვენებელი 16.92°C-ს შეადგენდა.
მსოფლიოს ჰაერის საშუალო ტემპერატურა წლის განმავლობაში ნებისმიერ დღეს 12-იდან 17°C-ამდე მერყეობს. ეს საშუალო მაჩვენებელი 1979-იდან 2000 წლამდე ივლისის დასაწყისში 16.2°C-ს უდრიდა.
ახალი რეკორდი ჯერ სხვა გაზომვების შედეგადაც უნდა დადასტურდეს. მიუხედავად ამისა, დიდია ალბათობა, რომ იგი მალე დამყარდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზაფხულის დაწყებასთან ერთად.
როგორც წესი, საშუალო გლობალური ტემპერატურა ივლისის ბოლომდე ან აგვისტოს დასაწყისამდე მატულობს.
საგულისხმოა ისიც, რომ გასული თვის დასაწყისში გლობალური საშუალო ტემპერატურები ყველაზე მაღალი იყო, რაც კი ივნისის დასაწყისისთვის დაუფიქსირებია ევროპის კავშირის კოპერნიკუსის ცენტრს.
სავარაუდოდ, მომდევნო წელს საშუალო ტემპერატურა კიდევ მოიმატებს და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს — მსოფლიოს მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ელ ნინიო, ამინდის ფენომენი, წყნარ ოკეანეში უკვე მიმდინარეობს.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის საქმიანობა — უმეტესად წიაღისეული საწვავის მოხმარება — ატმოსფეროში ყოველწლიურად 40 მილიარდ ტონამდე ნახშირორჟანგს გამოყოფს და პრობლემას დამატებით ამძაფრებს.
კომენტარები