გლობალური ტექ ტრენდებისა და ადგილობრივი გამოწვევების გადაკვეთის წერტილი — თბილისში Change Inspire გაიმართება
7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions-ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire ჩატარდება.
ღონისძიება 2018 წლიდან იმართება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და კომპანიების IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს ტექნოლოგიურ მიღწევებსა თუ გამოწვევებს უზიარებენ.
წელს ღონისძიების ორიენტირი ტექნოლოგიური სფეროსთვის სპეციფიკური მუდმივი და სწრაფი ცვლილებებია, როგორც HT Solutions-ის CEO, ნინო გვაზავა გვიყვება, სწორედ ამიტომ ჰქვია წლევანდელ კონფერენციას Change Inspire. ეს არის სწრაფად ცვალებადი გლობალური ტექ ტრენდებისა და ადგილობრივი გამოწვევების გადაკვეთის წერტილი.
ღონისძიებას HT Solutions 2018 წლიდან ატარებს. პირველ წელს მას 100 ადამიანი ესწრებოდა, წელს კი დამსწრეთა რიცხვი უკვე 500-ია. გამრავალფეროვნებულია სასაუბრო თემატიკაც. წელს კონფერენციაზე 4 სცენა იქნება და სპიკერები 4 ძირითადი თემის გარშემო ისაუბრებენ — ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.
"ღონისძიების მიზანია, IT სფეროს წამყვანი ტექნოლოგიური ტრენდების, გამოწვევების, სიახლეების, წარმატების ისტორიების შესახებ ქართულ ბაზარს პირველწყაროებიდან მივაწოდოთ ინფორმაცია. შესაბამისად, ამ კონფერენციაზე ჩამოგვყავს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათი კლიენტები და ამასთან, გვექნება ქვეყნისთვის და რეგიონისთვის სპეციფიკური კონტენტი", — ამბობს ნინო გვაზავა.
ხარისხი და შინაარსი
HTS-ის CEO-ს თქმით, ღონისძიების ღირსება კონტენტის ხარისხი და შინაარსია. წლავანდელ კონფერენციაზე ჩამოდის Google-ის წარმომადგენელი და ისაუბრებს ხელოვნური ინტელექტის ტრენდებზე, გენერაციულ AI-ზე; AWS-იდან ისაუბრებენ ღრუბლოვან ტექნოლოგიებსა და სწრაფი, ეფექტიანი მიგრაციის გზებზე, Toyota Europe-ის სპიკერი კი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ციკლზე და ამ ციკლის გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას.
საქართველოსა და რეგიონში ტექნოლოგიური დინამიკა იცვლება, შესაბამისად, ღონისძიების სცენა ეთმობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემების წარმომადგენელსაც, იმისათვის რომ შავი ზღვის ინტერნეტის კაბელზე მოუთხროს დამსწრეებს; ღონისძიებაზე იქნება უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს წარმომადგენელიც, რომელიც ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ გადაიტანეს უმოკლეს ვადებში სახელმწიფო სერვისები ციფრულ არხებში, კონკრეტულად კი მობილურ ტელეფონში.
თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს. DevOps-ის სცენაზე თიბისის ტექ გუნდი საკუთარ DevOps გამოცდილებას გააზიარებს. ნინო გვაზავა აღნიშნავს, რომ საქართველოში კლიმატის შემქმნელი ტექნოლოგიური კომპანიის გამოცდილების გაზიარების ეს პრეცედენტი პროდუქტიული და სფეროს განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
"ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თიბისის მაღალ დონეზე აქვს დალაგებული DevOps-ის მხარეს კულტურაც, გადაწყვეტილებებიც და პროცესიც. შესაბამისად, დამატებითი ღირებულებაა, როცა ასეთი გუნდი უზიარებს ტექ აუდიტორიას, თუ როგორ მართავს აპლიკაციების შექმნის ციკლს, რა საუკეთესო მიდგომებს იყენებს, რა გამოწვევები აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სფეროში მოღვაწე ადამიანებმა დაინახონ, საქართველოს კონტექსტში, რეალურ რეჟიმში, როგორ და რატომ ხდება ამ ტექნოლოგიური მიდგომის გამოყენება და რა შედეგები მოაქვს ამას, როგორც IT დეპარტამენტისთვის ასევე — თიბისისთვის", — ნინო გვაზავა.
თიბისის DevOps სცენა
კონფერენციას თიბისის ტექნოლოგიური ინფორმაციის მართვის დირექტორი, ბიძინა მაცაბერიძე გახსნის და მოკლედ მიმოიხილავს კომპანიის ტექ მიმართულებას. ხოლო ღონისძიების DevOps სცენა დაეთმობა სფეროში გამოცდილ ისეთ სპიკერებს, როგორიცაა: თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერი — გიგა შუბითიძე თუ თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე — იური სემენიხინი. DevOps-ის თემატიკის ვორქშოფის მიმდინარეობისას კი თიბისის ტექ პროფესიონალები სანდრო კვაიჭაძე, მათე გოგიბერიძე და გიორგი კაჭარავა აუდიტორიას გაუზიარებენ DevOps ტექნოლოგიებს და საუკეთესო პრაქტიკებით მათი გამოყენების ტექნიკებს.
იური სემენიხინი გვიყვება, რომ თიბისი მსუყედაა წარმოდგენილი ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე და სხვადასხვა პოზიტიური ცვლილების წინაპირობასაც ქმნის. Change Inspire-ისა და მსგავსი ღონისძიების მხარდაჭერა კი კომპანიაში ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობის გააზრების შედეგია.
"ტექნოლოგიურ განათლებაზე ზრუნვა, კომუნების შენება, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებისა და ღონისძიებების მხარადაჭერა — თიბისის ამ ყველა ნაბიჯის უკან დგას ის, რომ კარგად გვესმის ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელობა. თიბისი ერთ-ერთი მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოს ბაზარზე და ჩვენი დიდი ნაბიჯი არის ის, რომ ტოპ მენეჯმენტის დონეზეა გადაწყვეტილი ეს ხედვა და ეს საჭიროება არ მოდის მხოლოდ IT-დან", — ამბობს იური სემენიხინი.
ბოლო წლების განმავლობაში ქართული ტექნოლოგიური გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე სფეროს სპეციალისტებს მხოლოდ საქართველოს ფარგლებში აფასებდნენ, ახლა საქართველოში მოღვაწე პროფესიონალები გარკვეულ კონკურენციასაც უწევენ უცხოეთში დასაქმებულებს.
იური სემენიხინი აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილ ტექ პროდუქტებს უკვე უცხოური ორგანიზაციები იყენებენ, ხოლო ქართველი სპეციალისტები მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მუშაობენ. ამ ყველაფერში წვლილი თიბისისაც მიუძღვის. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, როგორიც Change Ispire-ია. თუმცა, წელს თიბისი ამ ღონისძიებაზე მხარდამჭერზე მეტია.
"ვაპირებთ, რომ მონოლოგის ნაცვლად ღია და ჯანსაღი დიალოგი შევთავაზოთ დამსწრეებს. DevOps-ის მიმართულებით თიბისიმ წლების განმავლობაში დიდი გამოცდილება დააგროვა და მგონია, რომ საჭიროა მისი გაზიარება. ის, რაც დღეს კეთდება თიბისიში, ამ კუთხით, ძალიან დიდი შრომის შედეგია. ვიცით, რომ თითოეულ ცვლილებას თან ახლავს წარუმატებელი ნაბიჯებიც და სწორედ ეს არის გამოცდილება", — იური სემენიხინი.
გააკეთე ტესტი: რა იცი DevOps-ის შესახებ?
თუ სხვა ღონისძიებები სამომხმარებლო ტექზე აკეთებენ აქცენტს, Change Inspire ტექნოლოგიური კომუნისთვის, ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის გამოსადეგ ღრმა ტექნიკურ ცოდნას აზიარებს.
როგორც ნინო გვაზავა ამბობს, HTS-ის კონფერენციებზე საუბრობენ ტექნოლოგიებზე, რომლებიც ქმნის ტექნოლოგიებს. აქ განიხილავენ იმ სიახლეებსა თუ გამოწვევებს, რომლებიც IT სფეროში დასაქმებული მენეჯერებისთვის, ინჟინრებისთვის, დეველოპერებისთვისა თუ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებისთვისაა რელევანტური და კრიტიკული, იმისათვის, რომ ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე მორგებული ციფრული პროდუქტები შექმნან.
"ტექნოლოგიების ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებს ერთ სივრცეში ვკრებთ, ღრმა ტექნიკურ საკითხებზე ვსაუბრობთ და ვცდილობთ, ამ ნაწილში არსებულ ტრენდებსა და გამოწვევებზე მივაწოდოთ ინფორმაცია სფეროში მომუშავე ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ გამოცდილება, ხედვა და შეკითხვები", — ამბობს ნინო გვაზავა.
თუ ტექნოლოგიურ სფეროში ხართ დასაქმებული და გაქვთ "გამოცდილება, ხედვა და შეკითხვები", მოინიშნეთ 7 ივლისი. მეტ დეტალს ღონისძიების ვებგვერდზე გაეცნობით.
კომენტარები