პაციენტს ეგონა, რომ ყოველდღე ყველაფერი უსასრულოდ მეორდებოდა — დეჟა ვექუს ფენომენი
80 წელს გადაცილებულ კაცს ალცჰაიმერის დაავადების უიშვიათესი გართულება გამოუვლინდა — მას ეგონა, რომ გარკვეული მოვლენები ყოველდღე მეორდებოდა, რაც ყველასთვის კარგად ცნობილი ფილმის, "ზაზუნას დღის", სიუჟეტს მოგვაგონებს. მაგალითად, პაციენტს მიაჩნდა, რომ მისი ტელევიზორი ერთსა და იმავე პროგრამას აჩვენებდა, რის გამოც ტექნიკოსსაც კი მიმართა.
"სადაც არ უნდა წავიდე, გზის გადასწვრივ ერთი და იგივე ადამიანები დგანან, ჩემს უკანაც იგივე მანქანები მოძრაობს და მათში იგივე მგზავრები სხედან. ავტომობილებიდან ერთი და იგივე ადამიანები გადმოდიან, რომელთაც სულ ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ, ერთსა და იმავე რაღაცას ამბობენ... არაფერია ახალი", — ასე აღწერა საკუთარი მდგომარეობა პაციენტმა.
ამ ფენომენს დეჟა ვექუ ეწოდება, რომელმაც ამ შემთხვევაში რელოკაციურ კონფაბულაციასთან ერთად იჩინა თავი. მსგავსი პრობლემები ზოგჯერ სწორედ ისეთ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს ახლავს თან, როგორიც ალცჰაიმერია.
დეჟა ვექუ დეჟავუსგან განსხვავდება და ფრანგულად "უკვე ნაცხოვრს" ნიშნავს. ესაა მუდმივი შეგრძნება, რომ ყოველი ახალი მოვლენა ადრე უკვე განცდილის განმეორებაა. როცა ადამიანი ამ ცრუ აღქმისას გასამართლებლად ყალბი დასტურის მოძებნას ცდილობს, ეს უკვე რელოკაციური კონფაბულაციაა. ამ უკანასკნელის მიზეზი შესაძლოა, ტვინში არსებული ჰიპოკამპის დისფუნქცია იყოს, რომელიც ხანმოკლე მეხსიერებასთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება ზემოხსენებულ კაცს, მას მეხსიერების პრობლემა, იმპულსური ქცევა და კოგნიტიური მდგომარეობის გაუარესება აღენიშნებოდა. ასევე, ხშირად ორ დამოუკიდებელ ამბავს ერთიანად აღიქვამდა. გამოკვლევამ მისი ტვინის მარცხენა საფეთქლის წილში უჩვეულოდ დაბალი აქტივობა, წინა რეგიონებში კი გარკვეული ანომალიები აჩვენა . შემცირებული იყო ცილა ამილოიდ ბეტა-42-ის კონცენტრაცია, ტაუ ცილისა კი პირიქით, გაზრდილი. ეს ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ცვლილებებია.
პაციენტს ექიმებმა თავდაპირველად იმუნოთერაპია დაუნიშნეს, მაგრამ კლინიკური წინსვლის ვერმიღწევის გამო მალევე შეწყვიტეს. სიმპტომების დაწყებიდან 4 წელში კაცის კოგნიტიური ფუნქციები გაუარესებული იყო და რელოკაციური კონფაბულაციაც ისევ აწუხებდა.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში BMJ Case Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები