ეკომეგობრული ლუდი შხაპის შემდეგ დარჩენილი წყლის გადამუშავებით დამზადდა
თუკი ეკომეგობრული სასმლის დაგემოვნება გსურთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: უკვე არსებობს ლუდი, Epic OneWater Brew, რომელიც შხაპის შემდეგ დარჩენილი გადამუშავებული წყლით არის დამზადებული.
Epic OneWater Brew-ი დამზადდა სან ფრანცისკოს წყლის გადამამუშავებელ კომპანია Epic Cleantec-სა და კალიფორნიის ლუდის მწარმოებელ Devil's Canyon Brewing Company-ს შორის კოლაბორაციით. ლუდის დასამზადებლად გამოიყენეს ე.წ. "ნაცრისფერი წყალი", ანუ ის, რაც ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვის და, ასევე, შხაპის მიღების შემდეგ რჩება.
"გვინდოდა, რაღაც სახალისო გაგვეკეთებინა, რაც მოსახერხებელი საშუალება იქნებოდა ხალხის აღსაფრთოვანებლად და, ამავდროულად, გამოავლენდა წყლის ხელახალი გამოყენების უზარმაზარ პოტენციალს", — თქვა Epic Cleantec-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, აარონ ტარტაკოვსკიმ.
მეთიუ ქენთონმა, Guardian-ის ჟურნალისტმა, რომელმაც Epic OneWater Brew-ის შესახებ სტატია მოამზადა, ლუდი თავად დააგემოვნა და აღნიშნა, რომ სასმელი ძალიან გემრიელია და საერთოდ არ ეტყობა "ნაცრისფერი წყლის" გემო.
როგორც ტარტაკოვსკი აღნიშნავს, ადამიანების უმეტესობა თავიდან პესიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა ლუდის დაგემოვნების შემდეგ აღტაცებას ვერ მალავდნენ. მან ხაზი გაუსვა სასმლის უსაფრთხოების საკითხსაც. მიუხედავად იმისა, რომ ლუდი გადამუშავებული წყლით არის დამზადებული, ის, შეიძლება ითქვას, ბევრ სხვა ლუდზე უფრო სუფთაა, გამომდინარე ტესტირების მკაცრი პროცესიდან, რომელსაც ის გადის.
Epic OneWater Brew-ის წარმოება წყლის რესურსების დაზოგვის კრეატიული და ზოგისთვის, ალბათ, უცნაური მაგალითია. თქვენ თუ დააგემოვნებდით ასეთ ლუდს?
კომენტარები