კომიკური დამთხვევა — პენისის ფორმის გიგანტური აისბერგი დილდოს სანაპიროზე გამოჩნდა
კანადაში, კუნძულ ნიუფაუნდლენდზე, არსებობს დასახლება, რომელსაც დილდო ჰქვია, როგორც პენისის ფორმის სექსსათამაშოს. თითქოს, ეს სახელი არ კმაროდა, ახლახან მის სანაპიროზე, არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ფალოსის ფორმის გიგანტური აისბერგი დააფიქსირეს, რითაც საკმაოდ კომიკური სიტუაცია შეიქმნა.
აღნიშნულ აისბერგს გვერდებზე ორი ოვალური ყინულოვანი მასა ჰქონდა, რომელთა შუაში ამოზრდილი ერთგვარი სვეტიც გუმბათოვანი დაბოლოების იყო. ფაქტობრივად, ის თითქმის იდეალურად იმეორებდა პენისის ფორმას, რითაც მოსახლეობის ყურადღებაც მიიქცია. უცნაური წარმონაქმნი ფოტოგრაფმა კენ ფრითიმ ქალაქ ჰარბორ გრეისიდან გადაიღო. ამ კადრებს მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და სურათები მედიასა თუ სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა.
"ვიცოდი, რომ ბევრ კომენტარს დამიწერდნენ, მაგრამ ასეთ გამოხმაურებას ნამდვილად არ მოველოდი", — განაცხადა ფოტოგრაფმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
ასეთი პოპულარობის მიუხედავად, 9.1 მეტრი სიმაღლის აისბერგმა ფოტოების გადაღებიდან მომდევნო დღეს კოლაფსი განიცადა.
როგორც ცნობილია, ამ პერიოდში ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის პროვინციაში აისბერგების სეზონია, რადგან სანაპიროსთვის დამახასიათებელი ქარი ყინულის ამ უზარმაზარ ნატეხებს აქეთკენ უბიძგებს. ეს შესაძლოა, მაისსა და ივნისშიც გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ ფალოსის ფორმის წარმონაქმნები ბუნებაში იშვიათი არაა. მაგალითად, 2021 წელს ამგვარი კლდოვანი სვეტი აშშ-შიც დააფიქსირეს. ასევე, გვხვდება მსგავსი მცენარეც, სახელად Nepenthes bokorensis, რომელიც მწერებით იკვებება, რომ არაფერი ვთქვათ 2019 წელს კალიფორნიის პლაჟზე გამორიყულ თევზებზე.
კომენტარები