NASA-ს ცენტრის ახალმა დირექტორმა ბიბლიის ნაცვლად კარლ სეიგანის წიგნზე დაიფიცა
NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის ახალ დირექტორად მაკენზი ლისტროფი დაინიშნა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფიცი დადო. ამ ცერემონიის ამსახველ ფოტოზე, ერთი შეხედვით, უცნაური არაფერია, მაგრამ თუ ახლოდან დააკვირდებით, ქალს ხელი კარლ სეიგანის "მკრთალი ლურჯი წერტილის" 1994 წლის გამოცემაზე უდევს და არა ბიბლიაზე ან რომელიმე სხვა წმინდა წიგნზე.
როგორც სულაკაურის გამომცემლობის პოსტიდან ვიგებთ, NASA-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის "საფიცარი წიგნი" — კარლ სეიგანის "მკრთალი ლურჯი წერტილი" ქართულად უკვე ითარგმნა და მკითხველისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი. უნდა ითქვას, რომ გამომცემლობას, სერიის "აკადემია" ფარგლებში უკვე გამოცემული აქვს სეიგანის ეპოქალური ნაშრომი — "კოსმოსი".
აღსანიშნავია, რომ ლისტროფი გოდარდის სახელობის კოსმოსური ფრენების ცენტრის პირველი ქალი დირექტორია. ამერიკელმა პლანეტოლოგმა ასეთი ფიცით პატივი მიაგო ასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ენთუზიასტ კარლ სეიგანს, რომელიც პოპულარული მეცნიერების თემატიკის რამდენიმე წიგნის ავტორია. სწორედ ერთ-ერთი მათგანია "მკრთალი ლურჯი წერტილი: კოსმოსი და კაცობრიობის მომავალი".
"ჩვეულებრივ, მსგავს ოფიციალურ ფოტოებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ადამიანებმა მასზე რაღაც უჩვეულო შენიშნეს", — წერს ვებგვერდ NASA Watch-ის დამფუძნებელი, კით ქაუინგი.
ლისტროფის ეს ნაბიჯი უცნაური სულაც არაა, რადგან ბიბლიისა თუ დანარჩენი რელიგიური ტექსტების გარდა სხვა წიგნებზე დაფიცება ნებადართულია, იქნება ეს სიმბოლური თუ პირადი მნიშვნელობის. ამის მაგალითებიც მრავლად გვხვდება, ამიტომ NASA-ს ცენტრის ახალი დირექტორი გამონაკლისი სულაც არაა.
მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა სუპერმენის კომიქსზე, დოქტორ სიუზის საბავშვო წიგნზე, მშობლების ფოტოზე და მოქალაქეობის მოწმობაზე დაიფიცეს, რასაც სრულიად კანონიერი ძალა აქვს. ასევე, შესაძლებელია, თანამდებობის პირი მხოლოდ ხელის აწევასაც დასჯერდეს.
როგორც ცნობილია, კარლ სეიგანის წიგნზე აქამდე არავის დაუფიცია, შესაბამისად, ლისტროფი პირველია, ვინც ეს გააკეთა. ამის მიუხედავად, ახალი დირექტორის შესახებ დაწერილ ბლოგპოსტში NASA ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს.
კომენტარები