სამყარო შესაძლოა, "ბნელი დიდი აფეთქების" შედეგად გაჩენილიყო
მეცნიერთა ახალი ჰიპოთეზის თანახმად, სამყაროს განვითარების ადრეულ ეტაპზე შესაძლოა, "ბნელი დიდი აფეთქება" მომხდარიყო და კოსმოსში გრავიტაციული ტალღები, ასევე, ბნელი მატერიის ნაწილაკები წარმოექმნა, რომელთა დაფიქსირების შანსი ახლაც გვაქვს. არაა გამორიცხული, რომ ეს უხილავი ბნელი მატერიის საიდუმლოს ამოხსნაშიც დაგვეხმაროს.
ჩვენს ხელთ არსებული კოსმოლოგიური მოდელები სამყაროს ევოლუციის პირველ ეტაპებს კარგად ხსნის, თუმცა მკვლევრებისთვის მაინც იდუმალებით მოცული რჩება ბნელი მატერია, რომელზეც კოსმოსის მასის უდიდესი ნაწილი მოდის. დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით, ეს სუბსტანცია იმავე პროცესის შედეგად გავრცელდა, რომლის მეშვეობითაც სამაყრო გაფართოვდა, მაგრამ ახალი ნაშრომის ავტორები რადიკალურად განსხვავებულ იდეას გვთავაზობენ.
მათი ვარაუდით, დიდ აფეთქებასთან ერთად "ბნელი დიდი აფეთქებაც" მოხდა, რა დროსაც ბნელი მატერია დანარჩენი სამყაროსგან განცალკევებული ტრაექტორიით განვითარდა. სპეციალისტთა აზრით, პირველი მოვლენის შემდეგ კვანტური ველი შენარჩუნდა და მას მერე, რაც კოსმოსი გაფართოვდა და გაცივდა, ეს ველი შეიცვალა და ბნელი მატერიის ფორმირება განაპირობა.
უკანასკნელი ჰიპოთეზის უპირატესობა ისაა, რომ ის ბნელი მატერიის ასახსნელად დიდი აფეთქების ბირთვული სინთეზის სტანდარტული მოდელების შეცვლას არ საჭიროებს. ასევე, მარტივდება გამოთვლებიც, მაგალითად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ "ბნელი დიდი აფეთქება" სამყაროს არსებობის პირველი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.
მათ მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ამგვარი აფეთქება უნიკალურ კვალს დატოვებდა, უფრო კონკრეტულად კი მძლავრ გრავიტაციულ ტალღებს, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია. შესაბამისად, ახალი ჰიპოთეზის გამოცდის საშუალება გვაქვს.
ავტორთა ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და რეფერირება ჯერ არ გაუვლია.
კომენტარები