მეცნიერებმა ადამიანის ნეირონები ვირთხის ტვინთან წარმატებით დააკავშირეს
კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ნეირონებს ვირთხების ტვინთან ინტეგრირება შეუძლიათ. კვლევა ჟურნალ Cell Stem Cell-ში გამოქვეყნდა.
თუმცა, ადამიანის ორგანოიდების შესაძლებლობა ფუნქციურად ინტეგრირდეს დაზიანებული ტვინის ვიზუალურ სისტემებთან, ჯერჯერობით გაუგებარია. მეცნიერები მუშაობენ, რათა გამოიკვლიონ ადამიანის ორგანოიდების გამოყენების მეტი შესაძლებლობები ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
ტვინის უჯრედებისა და ქსოვილების გადანერგვა
ჰ. ისაკ ჩენი, კვლევის ავტორი და პენსილვანიის უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის პროფესორი ამბობს, რომ მათ ყურადღება გაამახვილეს ტვინის უჯრედებისა და ქსოვილების გადანერგვაზე. ასევე შეისწავლეს ცალკეული ნეირონების სტრუქტურა, რათა გაეგოთ, თუ როგორ ხდება ტრანსპლანტირებული ორგანოიდების ინტეგრირება მღრღნელების ტვინთან.
მკვლევრებმა ლაბორატორიაში ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან მიღებული ნეირონები 80 დღის განმავლობაში დაამუშავეს. ეს მანამ, სანამ მათ მღრნელის ტვინში გადანერგავდნენ. ვირთხას დაზიანებები ჰქონდა მხედველობის ქერქში. გადანერგილი ორგანოიდები მღრღნელების ტვინთან სამი თვის განმავლობაში ინტეგრირდა და განვითარება დაიწყო.
მკვლევრებმა ფლუორესცენტურად მონიშნული ვირუსები გამოიყენეს ადამიანის ორგანოოიდებსა და მასპინძელი მღრღნელების ტვინის უჯრედებს შორის ფიზიკური კავშირის დასადგენად.
ნერვულ ქსოვილებს ტვინის დაზიანებების აღდგენის პოტენციალი აქვთ
კვლევა მიზნად ისახავდა ცალკეული ნეირონების აქტივობის შეფასებას ორგანოიდის შიგნით. ნეირონების სხვადასხვა სტიმულებზე რეაქციის გასაზომად ელექტროდის ზონდები გამოიყენეს.
კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნეირონები არა მხოლოდ ინტეგრირებულნი იყვნენ ვიზუალურ სისტემასთან, არამედ მიიღეს ვიზუალური ქერქის სპეციფიკური ფუნქციები. ეს ინტეგრაცია სამ თვეში მოხდა, რაც გუნდისთვის მოულოდნელი იყო. ეს მაშინ, როცა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანის ნეირონების მღრღნელში გადანერგვიდან ცხრა ან ათი თვის შემდეგაც ვერ ხდებოდა სრული ინტეგრირება.
ჩენის თქმით, ნერვულ ქსოვილებს ტვინის დაზიანებების აღდგენის პოტენციალი აქვთ და ეს კვლევა არის მყარი პირველი ნაბიჯი ამისკენ. მიზანი კი ამ ინტეგრაციის პროცესის უკეთ კონტროლი და დაჩქარებაა.
ჟურნალ Cell Stem Cell-ში გამოქვეყნებული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ.
კომენტარები