Apple ახალ MacBook-ებს ახალი ჩიპებით აღჭურვავს — ეს უფრო სწრაფ მოდელებს ნიშნავს
Apple-მა მომხმარებელს ამცნო, რომ ამიერიდან 14-დუიმიანი და 16-დუიმიანი MacBook Pro თავად კომპანიის მიერ შექმნილი M2 Pro და M2 Max ჩიპებით იქნება აღჭურვილი. შეიძლება ითქვას, ეს 2021 წლის მოდელთან შედარებით, ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა.
გარდა ამისა, Apple-მა წარმოადგინა ახალი MacBook Mini-ც, რომელსაც M2 ჩიპი და ძალიან დაბალი ფასი ექნება. წინასწარი მონაცემებით ახალი მოდელი 599 დოლარი ეღირება.
ახალი 14 და 16-დუიმიანი MacBook Pro-ები პირველი მოდელებია, რომელსაც Apple-ის M2 Pro და M2 Max ჩიპი ექნება. წინამორბედ მოდელებში M1 ჩიპებს ვხვდებოდით. გასულ წელს კომპანიამ სტანდარტული M2 ჩიპით MacBook Air და 13-დუიმიანი MacBook Pro წარადგინა. ბუნებრივია, ახალი ჩიპი უფრო ძლიერი და ეფექტურია.
მომხმარებელს სასურველი ჩიპის არჩევა თავად შეუძლია. მოდელი გვთავაზობს 12 ბირთვამდე პროცესორს, ხოლო M2 Pro 19-ბირთვიან გრაფიკულ პროცესორამდეც მიდის. ხოლო თუ M2 Max-ს აირჩევთ, 38-ბირთვიან გრაფიკულ პროცესორს მიიღებთ. ეს დამატებები ფასს საგრძნობლად გაზრდის, თუმცა საბაზისო ფასი 14-დუიმიანი მოდელისთვის ისევ $1999, ხოლო 16-დუიმიანისთვის $2499-ია. ლეპტოპის შეკვეთა უკვე შესაძლებელია.
Apple-ის განცხადებით, M2 Pro-ს M1 Pro-სთან შედარებით 20%-ით მეტი ტრანზისტორი აქვს. ასევე, ის ფოტოს დამუშავებაში 40%-ით უფრო სწრაფია. თუ სტანდარტულ M2-ს შევადარებთ, მისი გამტარობა ორჯერ მაღალი, წამში 200გბ-ია.
სხვა თითქმის ყველაფერი იგივეა — 120-ჰერციანი დისპლეი, მყარი კონსტრუქცია, სამი USB-C პორტი, HDMI, SD ბარათის სლოტი, ყურსასმენის ჯეკი და MagSafe კონექტორი. იგივე დარჩა დეტალებიც, რომლებიც დიდად არ მოგვწონდა: ლეტოპი ძველებურად მძიმეა და Face ID არ აქვს.
1 საათით გაუმჯობესდა ბატარეის ხანგრძლივობაც, თუმცა წინა მოდელებში ამ ასპექტით უკმაყოფილების ხარისხს თუ გავითვალისწინებთ, ეს მაინცდამაინც მნიშვნელოვანი ცვლილება არ არის.
რაც შეეხება ახალ MacBook Mini-ს, მთავარი სიახლე მაინც ფასის ცვლილებაა, რომელიც წინამორბედ მოდელზე 100 დოლარით იაფია. Mini აღჭურვილია 8-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორით და 10-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით. M1-ით აღჭურვილ მოდელთან შედარებით, Adobe Photoshop-ის გამოყენებისას ის 50%-ით უფრო სწრაფია. შესაძლებელია მისი განვითარება M2 Pro ჩიპითაც.
აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელების გამოსვლასთან ერთად, Apple-მა M1 ჩიპის მქონე მოდელები გააიაფა.
კომენტარები