შესაძლოა, ახალ MacBook-ებს სენსორული მონიტორი ჰქონდეთ — Apple ტრადიციას არღვევს
Bloomberg-ის ცნობით, წლების განმავლობაში უარყოფის შემდეგ, შესაძლოა, Apple ტრადიციულ მიდგომაზე უარს ამბობს და MacBook-ის სენსორული მონიტორით აღჭურვაზე ფიქრობს. ამ ცნობების მიხედვით, კომპანია აქტიურად მუშაობს ამ პროექტზე და მალე დესკტოპის ტრადიციულ სისტემაზე ოფიციალურად იტყვის უარს.
მოხსენებიდან ვიგებთ, რომ ახალი ტიპის MacBook-ებს 2025 წლისთვის უნდა ველოდოთ. სავარაუდოდ, სიახლეებს შორის იქნება 14 და 16 ინჩიანი Pro მოდელებისთვის LCD-ის დისპლეის OLED-ით ჩანაცვლებაც.
Apple-ის ხელმძღვანელები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ MacBook-ს სენსორული მონიტორი არ სჭირდებოდა. ამას ხსნიდნენ იმით, რომ თუ მომხმარებელს სენსორული, შედარებით დიდი მოწყობილობის გამოცდილება აინტერესებდა, შეეძლო iPad შეეძინა. ერთადერთი სენსორული დეტალი, რომელიც წლების განმავლობაში Mac-ს დაემატა, TouchBar იყო, რომელიც კლავიატურის ზედა ნაწილში მდებარეობს და მომხმარებელში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.
Apple მუდმივად აცხადებდა, რომ iPad საუკეთესო სენსორული "კომპიუტერია". სავარაუდოდ, კომპანიას ნარატივის თანდათან შეცვლა მოუწევს, თუ Bloomberg-ის ინფორმაცია ჭორი არ არის. საპირისპიროდ, Apple-ის ისეთი კონკურენტი, როგორიც Microsoft-ია, სენსორული ლეპტოპების საკმაოდ ფართო არჩევანს გვთავაზობს.
Apple-ის დამფუძნებელმა, სტივ ჯობსმა, სენსორულ ლეპტოპებს 2010 წელს "ერგონომიულად საშინელი" უწოდა.
"ჩვენ ეს უამრავ მომხმარებელზე დავტესტეთ და აღმოჩნდა, რომ არ მუშაობს. სენსორული ზედაპირები ვერტიკალური არ უნდა იყოს. თავდაპირველად, ეს ნამდვილად შესანიშნავია, თუმცა დროთა განმავლობაში თქვენ დაღლილობას გრძნობთ, უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში კი მკლავები გეღლებათ. ეს ტექნოლოგია არ მუშაობს, ის ერგონომიულად საშინელია", — განაცხადა სტივ ჯობსმა 2010 წელს
მიუხედავად ამისა, 2010 წლის შემდეგ ტექნოლოგიები განვითარდა და ადამიანების მოთხოვნებიც, შესაბამისად, შეიცვალა.
iPhone-ის მწარმოებელი ახლა ორ ცეცხლს შუა დგას. პრობლემა ისაა, რომ გასულ წლებში Apple-მა iPad ძალიან განავითარა, ფაქტობრივად დესკტოპის კლასის პროცესორებით აღჭურვა და მომხმარებელს კლავიატურის დამატების საშალებაც მისცა. თუ MacBook-ის დესკტოპი სენსორული გახდება, კომპანიას ძალიან დიდი შრომის გაწევა მოუწევს, რომ ეს ორი პოპულარული პროდუქტი ერთმანეთისგან განსხვავებულად შეინარჩუნოს.
კომენტარები