მასკის თქმით, შესაძლოა, რაკეტა Starship-ის პირველი ორბიტული ფრენა თებერვალში შედგეს
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილმა უმძლავრესმა რაკეტამ Starship, რომლითაც მარსზე გამგზავრება იგეგმება, შესაძლოა, პირველი ორბიტული საცდელი ფრენა მომდევნო თვეში შეასრულოს. ამის შესახებ განცხადება თავად მილიარდერმა გაავრცელა.
"ჩვენ თებერვლის ბოლოს ვუმიზნებთ. მარტში გაშვების მცდელობა დიდად სავარაუდოა", — ვკითხულობთ ილონ მასკის მიერ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერილ კომენტარში.
რაკეტა მთვარესა და წითელ პლანეტაზე ტვირთის გასაგზავნად, ასევე, ასტრონავტთა ტრანსპორტირებისთვისაა განკუთვნილი. ის ორი ელემენტისგან შედგება, რომლებიც მრავალჯერადი გამოყენებისაა. ესენია პირველი საფეხური Super Heavy და 50-მეტრიანი მეორე საფეხური Starship.
დაგეგმილ ფრენაში მონაწილეობას Super Heavy-ის პროტოტიპი Booster 7 და Ship 24 Starship მიიღებს. თითოეულმა მათგანმა სამხრეთ ტეხასში მდებარე სპეციალურ კოსმოდრომზე მრავალი ცდა გამოიარა, მაგალითად, ტესტირების ფარგლებში Ship 24-ში Raptor-ის ტიპის 6 ძრავა ერთდროულად ამუშავდა, Booster 7-ში კი — 33-დან 14. გაშვებამდე ისინი სრულად ამოქმედდება.
რაკეტის პირველი ორბიტული საცდელი ფრენა Starbase-ის ტერიტორიიდან შედგება. Starship დედამიწას ერთხელ შემოუვლის, რის შემდეგაც წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულ კაუაის მიმდებარედ დაეშვება, Booster 7 კი მექსიკის ყურეში დაბრუნდება.
კომენტარები