ეს ბალიში ხვრინვას ამოიცნობს და თავს ავტომატურად გაგისწორებთ
ალბათ, დამეთანხმებით, რომ ხვრინვა ძალიან შემაწუხებელია როგორც თავად მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანისთვის, ასევე, მის გვერდით მწოლი ინდივიდისთვისაც, რადგან ეს სრულფასოვან ძილს ხელს უშლის. საბედნიეროდ, ტექნოლოგია ამ მხრივაც ვითარდება, რისი მაგალითიც ინოვაციური ბალიშია, რომელიც ხვრინვას ამოიცნობს და თავს სათანადო პოზიციაში დაგადებინებთ.
ხსენებული პროდუქტი Motion Pillow-ის სახელითაა ცნობილი და ის სამხრეთკორეულმა სტარტაპმა 10minds შექმნა. ბალიში მანქანური დასწავლის მეთოდს იყენებს, რათა ხვრინვის ხმა დააფიქსიროს, მისი იდენტიფიცირების შემდეგ კი სრულიად ავტომატურად მოქმედებს.
ის ისე იბერება, რომ მომხმარებლის თავს უბიძგებს, პოზიცია შეიცვალოს და გვერდით გადაიწიოს. როგორც კი ხვრინვის ხმა შეწყდება, ბალიში ისევ იჩუტება. კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ პროდუქტის კლინიკური კვლევების მიხედვით, ცდისპირთა 93.7 პროცენტში ხვრინვამ იკლო, ხოლო მისი ხანგრძლივობა 44.4 პროცენტით შემცირდა.
"Motion Pillow-თან ერთად, მეტალი კლასიკურ მუსიკად იქცევა", — წერია ვებგვერდზე.
"დაახლოებით 1-კვირიანი ცდის შედეგად, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ცოლის ხვრინვა არა მხოლოდ ხმადაბალი გახდა, არამედ მისი სიხშირეც შემცირდა", — ვკითხულობთ ერთ-ერთ შეფასებაში.
მომხმარებელი აღნიშნავს, რომ პროდუქტი ჩვეულებრივ ბალიშებთან შედარებით უფრო ძვირია (ნახეთ Amazon-ზე), თუმცა შედეგი ამად ღირს. უნდა ითქვას, რომ Motion Pillow სამომხმარებლო ტექნოლოგიის ასოციაციის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე CES 2023 იყო წარდგენილი.
კომენტარები