არსებობს მარტივი მეთოდი, რომელიც ალკოჰოლის მიღების შემცირებაში დაგეხმარებათ — კვლევა
მკვლევრებმა აღმოაჩინეს ახალი, ეფექტური მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხალხი ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარს. კერძოდ, ეს მეთოდი გულისხმობს, რომ ხაზი გავუსვათ სმით გამოწვეული კიბოს გაზრდილ რისკს და დავაკავშიროთ ის სასმლის თითოეული ჭიქის დათვლასთან.
მკვლევართა გუნდმა აღნიშნა, რომ "რატომ უნდა შევამციროთ" და "როგორ უნდა შევამციროთ" შეტყობინებების ეს განსაკუთრებული კომბინაცია შეიძლება სასარგებლო იყოს პოპულაციაში ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.
მეტისმეტი სმა იწვევს არა მხოლოდ კიბოს, არამედ დაკავშირებულია მთელ რიგ პრობლემებთან, მათ შორის, ნაადრევ სიკვდილთან, გულის დაავადებებთან, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებსა და დემენციის გაზრდილ რისკთან.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ალკოჰოლისა და კიბოს შესახებ ინფორმაციის შერწყმა კონკრეტულ პრაქტიკულ ქმედებებთან — მიღებული სასმლის რაოდენობის დათვლასთან — შედეგად, მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობას ამცირებს", — თქვა ეკონომისტმა და ფსიქოლოგმა, სიმონ პეტიგრიუმ, ჯორჯის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტიდან.
კვლევისთვის სამი კითხვარი შეივსო: 7 995-მა ადამიანმა დაასრულა პირველი, მათგან 4 588-მა დაასრულა მეორე სამი კვირის შემდეგ, ხოლო 2 687-მა ადამიანმა დაასრულა საბოლოო გამოკითხვა სამი კვირის შემდეგ. მონაწილეები დაყვეს განსხვავებულ ჯგუფებად და აჩვენეს სხვადასხვა რეკლამა და შეტყობინება სასმლის შესახებ.
შედეგად, გამოარჩიეს ერთ-ერთი კომბინაცია, კერძოდ, სატელევიზიო რეკლამა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ალკოჰოლსა და კიბოს, ხოლო მაყურებლებს სთავაზობდა, მიღებული სასმლის რაოდენობა დაეთვალათ. ეს ყველაზე ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა, რათა ადამიანებს სასმლის რაოდენობა შეემცირებინათ. ამავდროულად, ეს იყო ერთადერთი კომბინაცია, რომლის წყალობითაც ადამიანებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს ალკოჰოლის მოხმარება 6 კვირის განმავლობაში.
"ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ალკოჰოლი კანცეროგენია", — თქვა პეტიგრიუმ. "ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელზეც ადამიანებს წვდომა უნდა ჰქონდეთ. მაგრამ იმის თქმა, რომ ალკოჰოლი იწვევს კიბოს, მხოლოდ გამოსავლის ნაწილია — ჩვენ ასევე უნდა ვაჩვენოთ მათ ზომების მიღების გზები რისკის შესამცირებლად."
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარებას შეიძლება მივაწეროთ ნაადრევი სიკვდილიანობის, დაახლოებით, 7% მთელ მსოფლიოში, ხოლო ადამიანებისთვის ჯანმრთელობის რისკების შეხსენება პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზაა.
კომენტარები