ეგვიპტეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ოქროს სამკაულები, მათ შორის ბეჭედი, რომელიც ასახავს "გართობის ღმერთს". ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, სამარხი 3300 წელზე მეტი ხნისაა.

სამარხი მდებარეობს უძველესი ქალაქ აჰეტატონის (დღევანდელი ელ-ამარნა) ჩრდილოეთ ნაწილში, კაიროს სამხრეთით დაახლოებით 300 კილომეტრის დაშორებით. ეს ქალაქი ააშენა ფარაონმა ეხნატონმა (ამენჰოტეპ IV — მეფობდა დაახლოებით ძვ. წ. 1353-1336), რომელსაც ეგვიპტის პოლითეისტური რელიგიის ატონის, მზის დისკის თაყვანისცემის გარშემო ფოკუსირებით შეცვლა სურდა.

მან ეგვიპტის დედაქალაქი თებედან ახლად აშენებულ ქალაქ აჰეტატონში გადაიტანა. ფარაონის რელიგიური რეფორმები საბოლოოდ მისმა შვილმა, ტუტანხამონმა გააუქმა და ახალი ქალაქი მამის სიკვდილის შემდეგ მალევე მიატოვა.

რაც შეეხება ახლად აღმოჩენილ სამკაულებს, ის მოიცავს სამ ბეჭედს. ერთ-ერთ ბეჭედზე ამოტვიფრულია ბესის გამოსახულება, რომელიც ცნობილი იყო როგორც "მხიარულების და გართობის ღმერთი", ნათქვამია ეგვიპტის ტურიზმის სამინისტროს 13 დეკემბრის განცხადებაში.

ბესის უძველესი გამოსახულებები ხშირად გვხვდება ეგვიპტეში; ღვთაება გამოსახულია როგორც ჯუჯა, რომელიც მუსიკის დაკვრისა და გართობის გარდა, ასევე იცავდა ქალებს მშობიარობის დროს.

"კიდევ ერთი ბეჭედი შეიცავს ეგვიპტურ იეროგლიფურ წარწერას სახელწოდებით "Sat I Plant Tawi", რაც ნიშნავს დედამიწის ქალბატონს", — ნათქვამია განცხადებაში.

სამარხთან ოქროს ყელსაბამიც იპოვეს. ჯერ უცნობია ის, თუ ვისია სამარხი და რატომ დაკრძალეს კონკრეტულად ეს სამკაულები.

ელ-ამარნაში გათხრები გრძელდება და აღმოჩენების ახალი დეტალები მალე გამოქვეყნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.