იხილეთ Tesla-ს ახალი სატვირთო, რომელსაც ინდუსტრიის შეცვლა შეუძლია
სრულად ელექტრო და 37 ტონამდე დატვირთულ სატვირთოს 800 კმ-ის გავლა შეუძლია
27 ნოემბერს ილონ მასკმა Twitter-ის საშუალებით გვამცნო, რომ Class 8 ტიპის ნახევარმისაბმელიანმა სრულად ელექტრო სატვირთო Tesla Semi-მ სატესტო მგზავრობა წარმატებით დაასრულა.
ტვიტში ვკითხულობთ, რომ Tesla Semi-მ თითქმის სრულად დატვირთულმა (36,740კგ) 800 კილომეტრი გაიარა.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ეჭვის საფუძველი, მაინც საინტერესოა მეტი დეტალი სატვირთოს სიჩქარესა და ენერგიის მოხმარებაზე.
კომპანია აცხადებს, რომ Semi საშუალოდ 1.24 კვტ.სთ/კმ-ზე ნაკლებ ენერგიას იყენებს. ბატარეის სიმძლავრე 800 კილომეტრზე 1000 კვტ.სთ-ზე ნაკლები იქნება.
2024 წლამდე ნევადაში, რენოში, 50 000 ერთეული Tesla Semi დამზადდება. ყოველდღიურად აწყობილი საშუალოდ 100-ზე მეტი ავტომობილით, Tesla ჩრდილოეთ ამერიკის Class 8 ტიპის სატვირთოების უმსხვილესი მწარმოებელი გახდება.
იმის გათვალისწინებით, რომ სატვირთოს სერიული ვერსია მომხმარებლებმა ამ კვირას უნდა მიიღონ, 800 კილომეტრიანი სატესტო მზავრობა ოდნავ ნაჩქარევი ჩანს, თუმცა, სავარაუდოდ, Tesla-ს ახალი მოდელი შედარებით მოკლე დისტანციაზე უკვე არაერთხელ გამოიცადა.
კომერციული შორ დისტანციებზე გათვლილი ნახევარმისაბმელიანი სატვირთოსთვის 800კმ იდეალური დისტანციაა, რადგან ეს 8 საათიან მგზავრობას ნიშნავს, რომლის შემდეგაც მძღოლმა წესით უნდა დაისვენოს (და ამ შუალედში სატვირთოს ბატარეასაც დატენის).
Tesla Semi, დიდი ალბათობით, ტრანსპორტირების ინდუსტრიას ძირფესვიანად შეცვლის, რადგან მისი ტევადობა დიდად არ განსხვავდება სხვა სატვირთოებისგან, ხოლო ეკონომიურობით კონკურენტებს ბევრად აღემატება.
ხუთწლიანი შრომის შედეგი
Tesla Semi-ის პრეზენტაცია 2017 წელს გაიმართა და მისი წარმოება 2019 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა არაერთი შეფერხების შემდეგ ამ ვადამ 3 წლით გადაიწია.
მას შემდეგ არაერთმა სხვა ბიზნესმა, მათ შორის Volvo-მ, Freightliner-მა და Nikola-მ შეძლეს Class 8 ტიპის ელექტრო სატვირთოების გამოშვება, თუმცა მათი შესაძლებლობები Semi-ის შესაძლებლობებისგან ძალიან შორსაა.
რიგში შემდეგი Cybertruck-ია, რომელსაც მომხმარებლები, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში მიიღებენ.
Tesla Semi-ის მახასიათებლები:
- ტვირთის მაქსიმალური წონა: 37 195 კგ
- მანძილი სრული დამუხტვისას: 483კმ-800კმ (დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ იმოძრავებს მძღოლი)
- ენერგიის მოხმარება: 1.24 კვტ.სთ/კმ
- ბატარეის სიმძლავრე: 1000 კვტ.სთ
- აჩქარება: 0-100 კმ/სთ 20 წამში (სრულად დატვირთვისას)
- დატენვის დრო: 70%-მდე 30 წთ
- საწვავის დანაზოგი: დაახლოებით 200 000 დოლარი 3 წელიწადში
კომენტარები