ჯეიმს ვების ტელესკოპმა კოსმოსური "ქვიშის საათი" გადაიღო, რომლის ცენტრშიც ვარსკვლავი დაიბადა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპისგან ახალი, შთამბეჭდავი სურათი მივიღეთ, რომელზეც ქვიშის საათის ფორმის მქონე, მოლურჯო-ნარინჯისფერი შეფერილობის მტვრის ღრუბელი მოჩანს, მის ცენტრში კი ახალდაბადებული ვარსკვლავია განლაგებული.
ეს თვალწარმტაცი გამოსახულება მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ახლო ინფრაწითელმა კამერამ დააფიქსირა. მისი დანახვის შესაძლებლობა აქამდე არ გვქონია, რადგან ფერადი ღრუბლები მხოლოდ სპექტრის ინფრაწითელ დიაპაზონში განირჩევა.
ზემოხსენებული პროტოვარსკვლავი, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა, L1527-ის სახელითაა ცნობილი და აირის მბრუნავი დისკოს შიგნით "იმალება". ამის მიუხედავად, სინათლე ორმხრივ ვრცელდება და მტვრის ღრუბლებს აკაშკაშებს.
ეს გასაოცარი კოსმოსური "ქვიშის საათი" ვარსკვლავისა და მისი გარემომცველი მატერიის ურთიერთქმედების შედეგადაა გამოფრქვეული. მოლურჯო შეფერილობის არეალებში მტვრის ყველაზე თხელ ფენას ვხვდებით, ნარინჯისფერი რეგიონები კი სისქით გამოირჩევა.
ახალგაზრდა მნათობი სულ რაღაც 100 000 წლისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფორმირება ჯერ არ დაუსრულებია და საკუთარ ენერგიას ვერ გამოიმუშავებს. მის გარშემო არსებული დისკო ჩვენი მზის სისტემის ზომისაა და ის პროტოვარსკვლავს კვებავს, სანამ მასში ბირთვული სინთეზი დაიწყება.
აღნიშნული ობიექტი დედამიწისგან 430 სინათლის წლითაა დაშორებული და კუროს მოლეკულურ ღრუბელში მდებარეობს, სადაც ვარსკვლავები აქტიურად წარმოიქმნება. მეცნიერები ამბობენ, რომ L1527-ის მაგალითზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი იყო მზე და ჩვენი სისტემა მილიონობით წლის წინ.
კომენტარები