FDA-იმ აშშ-ში ლაბორატორიული ხორცის გაყიდვა დაამტკიცა
აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) კულტივირებული ხორცის წარმოება და მიღება დაუშვა. ამის შესახებ სააგენტოს პრესრელიზისგან გავიგეთ.
ნებართვა გაიცა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სააგენტომ გაიარა კონსულტაცია პროვაიდერთან, UPSIDE foods-თან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეკითხვები ამოიწურა.
კალიფორნიაში დაფუძნებული UPSIDE Foods 2015 წელს დაარსდა და მუშაობს უჯრედული კულტივირებაზე ლაბორატორიაში მოყვანილი ქათმის ხორცის წარმოებისთვის. UPSIDE Foods-ის გარდა, არის სხვა კომპანიებიც, რომლებმაც გამოიყენეს იგივე მიდგომა, რათა დააკმაყოფილონ ბაზარზე ცხოველის ხორცზე მოთხოვნა მათი მოკვლის გარეშე.
შემდეგი პოდკასტი: ლაბორატორიული ხორცი — როგორია საკვების მომავალი
როგორ ხდება ხორცის "მოყვანა"?
ლაბორატორიაში ხორცის მოსაყვანად ხდება ცხოველისგან უჯრედების გამოყოფა და ეს რა თქმა უნდა მათი მოკვლის გარეშე. გამოყოფილი უჯრედების შენახვა დიდი დროითაც შეიძლება. შემდეგ ეს უჯრედები გადაიტანება დიდ ფოლადის ავზებში, რომლებსაც ბიორეაქტორებს უწოდებენ. მათ აქვთ ყველა საჭირო საკვები ნივთიერება და პირობები, რომლებიც საჭიროა უჯრედების ზრდისა და გამრავლებისთვის.
როდესაც უჯრედები გარკვეულ ასაკს მიაღწევენ და ყალიბდებიან, მათ იღებენ ხორცპროდუქტების დასამზადებლად. მცენარეული ხორცისგან განსხვავებით, რომელიც მცენარეული კომპონენტებისგან მიიღება და ნამდვილ ხორცს ჰგავს, კულტივირებული ხორცი 100 პროცენტით ცხოველური ქსოვილია, მაგრამ ცხოველის გაზრდისა და დაკვლის გარეშე.
ამ მხრივ სტარტაპებმა უკვე შექმნეს მცირე საწარმოო ობიექტები, რათა გამოსცადონ თავიანთი პროდუქტები. ეს საშუალებები ასევე ეხმარება მათ აჩვენონ მარეგულირებლებს, როგორიცაა FDA, რომ მათი პროდუქტები და პროცესები შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს.
რა არის საჭირო სრულად დამტკიცებისთვის?
როგორც პრესრელიზში წერია, FDA-იმ მხოლოდ UPSIDE Foods-ის პროდუქტი დაამტკიცა და ეს არ ნიშნავს, რომ იგივე ვრცელდება ყველა სხვა კულტივირებულ ხორცზე. სააგენტომ მსგავსი პროდუქტის სხვა მწარმოებლებსაც მოუწოდა იგივე პროცედურების გავლა რათა მათაც მიიღო ნებართვა.
გარდა ამისა, პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ FDA-ს ნებართვის შემდეგ, კულტივირებული ხორცის მწარმოებელმა ასევე უნდა მიმართოს შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს (USDA), რომელიც შეამოწმებს საწარმოო ობიექტს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, ტექნოლოგიას ჯერ კიდევ წლები აშორებს ცხოველის ხორცის ჩვენს თეფშებზე საბოლოოდ ჩანაცვლებამდე. Wired-ის ანგარიშის მიხედვით, ხორცის ამ გზით მოყვანის ღირებულება ძალიან მაღალია და მსგავს ობიექტებს გაუჭირდებათ კონკურენცია გაუწიონ ხორცის ჩვეულებრივ მწარმოებლებს.
Wired-თან საუბრისას, UPSIDE Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უმა ვალეტიმ, აღნიშნა, რომ კულტივირებული ხორცის ინდუსტრია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, შეიძლება კიდევ 15 წელი გვაშორებდეს იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენ ყველა ლაბორატორიულ ხორცზე გადავალთ.
კომენტარები